ბიძინა ივანიშვილს ახალი გუნდის დაკომპლექტებაში ამ წუთამდე არანაირი მონაწილეობა არ მიუღია

ბიძინა ივანიშვილს ახალი გუნდის დაკომპლექტებაში ამ წუთამდე არანაირი მონაწილეობა არ მიუღია

მთავრობის მეთაურის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს ”ქართული ოცნების” მომავალი გუნდის დაკომპლექტებაში ამ წუთამდე მონაწილეობა არ მიუღია.

ამის შესახებ კვირიკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტისას განუცხადა.

”ბიძინა ივანიშვილი არის ”ქართული ოცნების” დამფუძნებელი. მე არასდროს დამიმალავს, რომ მას გააჩნია ძალიან მაღალი ავტორიტეტი არამხოლოდ პოლიტიკურ გაერთიანება ”ქართულ ოცნებაში”, არამედ მთლიანად საქართველოში. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მასთან გარკვეული კონსულტაციები პარტიის შემდგომი მშენებლობის გზაზე რომ არსებობდეს, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, მაგრამ ისიც მინდა ვთქვა, რომ შემდგომი გუნდის დაკომპლექტებაში ამ წუთამდე მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. ჩვენ ახალი სახეების წარმოდგენა, ალბათ, უახლოეს მომავალში გვექნება. შემიძლია გითხრათ, რომ ეს გუნდი მთლიანად იქნა შერჩეული პარტიის ლიდერების მხრიდან და ეს არის ძალიან გამჭვირვალე პროცესი. საერთაშორისო პრაქტიკასთან აბსოლუტურ შესაბამისობაში გაიმართა წინა შესარჩევი პროცესი, იყო გასაუბრებათა მთელი სერია და ამის შედეგად იქნა შერჩეული ძალიან დიდი რაოდენობა ახალგაზრდებისა”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ ”ქართულ ოცნებასთან” შეერთების ინტერესი ძალიან დიდია.

მისივე თქმით, არ იქნება მთლიანად ახალი გუნდი და ”ქართულ ოცნების” ნაწილი დარჩება ძველი გუნდიდან.