არასოდეს მითქვამს, რომ მინდა სიაში ვიყო და ამისთვის ვირჩევ ჩემს საგარეო ორიენტაციას

არასოდეს მითქვამს, რომ მინდა სიაში ვიყო და ამისთვის ვირჩევ ჩემს საგარეო ორიენტაციას

მე არასოდეს მითქვამს, რომ მინდა სიაში ვიყო და ამისთვის ვირჩევ ჩემს საგარეო ორიენტაციას, - ასე ეხმიანება პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური.

მეჭიაურის თქმით, პრემიერი ლოგიკურ განცხადებას იღებს, რადგან ის აფიქსირებს თავის აზრს.

,,მე არასოდეს არ მითქვამს, რომ მინდა სიაში ვიყო და ამისთვის ვირჩევ ჩემს საგარეო ორიენტაციას. მე მიმაჩნია სწორად ის, რასაც ვამბობდი. მიმაჩნია ის, რომ დღევანდელი ხელისუფლების და წინა ხელისუფლების სწრაფვა ნატო-სკენ არარეალურია.

პრემიერი ლოგიკურ განცხადებას იღებს, გამომდინარე იქიდან, რომ ის აფიქსირებს თავის ხედვას და მკვეთრად ემიჯნება იმ ხალხს, რომელთაც იგივე ორიენტაცია არ აქვთ. ეს ლოგიკურია და ამით ფაქტიურად ის უფრო ახლოს არის ამ თავისი გადაწყვეტილებით ,,რესპუბლიკურ პარტიასთან“ და სხვა პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც ევროატლანტიკურ ხედვას აფიქსირებენ. მე მიმაჩნია, რომ ეს არასწორი და არალოგიკურია. თუმცა მას აქვს ამის უფლება“, -განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ”ქართული ოცნების” ახალ გუნდში არ იქნებიან ის ადამიანები, რომლებსაც საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ვექტორთან დაკავშირებით ეჭვები აქვს.

როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ლონდონში განუცხადა, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ თავად იქნება არჩეული ”ქართული ოცნების” ლიდერად.

”თუ მე ვიქნები არჩეული ”ქართული ოცნების” ახალ ლიდერად, გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ექნებათ რაიმე ეჭვები საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებაში”, - განაცხადა კვირიკაშვილმა, რითაც მმართველი გუნდის წევრის, თამაზ მეჭიაურის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.