”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, დიდი ალბათობით, მოსალოდნელია ვეტო

”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, დიდი ალბათობით, მოსალოდნელია ვეტო

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, დიდი ალბათობით, მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ვეტოს დაადებს.

ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც კანონპროექტის დღევანდელ სესიაზე განხილვის საკითხი ხანგრძლივი დისკუსიის თემა იყო.

”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტში მეორე მოსმენით, მუხლობრივი განხილვისთვის არის წარდგენილი. საპარლამენტო ოპოზიციამ - ”ნაციონალურმა მოძრაობამ” და ”თავისუფალმა დემოკრატებმა” განხილვის გადადება მოითხოვა, ვიდრე პროექტი ვენეციის კომისიას არ გაეგზავნება და მათი დასკვნა არ გახდება ცნობილი.

ამასთან დაკავშირებით საკითხის ერთ-ერთმა ინიციატორმა ეკა ბესელიამ განმარტა, რომ გამოთქმული შენიშვნებისა და მოსაზრებების უდიდესი ნაწილი გათვალისწინებულია, რაც პროექტში სწორედ მეორე მოსმენის დროს უნდა აისახოს და ვენეციის კომისიას მეორე მოსმენით კორექტირებული პროექტი გაეგზავნოს. ოპოზიციამ კი აღნიშნა, რომ თუკი დღეს პარლამენტი კანონპროექტს მეორე მოსმენით მიიღებს, ამის შემდეგ ვენეციის კომოსიის რეკომენდაციების გათვალისწინება და მისი პროექტში ასახვა შეუძლებელი იქნება.

ამ თემაზე კამათისას, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ინიციატივა არა მხოლოდ ევროსაბჭოს მონიტორების, არამედ ბევრი სხვა მონიტორის ყურადღების ქვეშაა. უსუფაშვილმა დაადასტურა, რომ პროექტის პირვანდელ ვარიანტში მნიშვნელოვანი შენიშვნებია გათვალისწინებული და ისიც აღნიშნა, რომ იცნობს პრეზიდენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას.

”დიდი ალბათობით მოსალოდნელია ვეტო”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

საკითხის მეორე მოსმენით განხილვის გადადების თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნა ბიურომ არ გაითვალისწინა. პარლამენტი პლენარულ სხდომა სწორედ აღნიშნულ კანონპროექტის განხილვით დაიწყო.