პარლამენტში დიდი რაოდენობით შესვლის შემთხვევაში, პაატა ბურჭულაძის ხმები შეიძლება გახდეს სავაჭრო უმრავლესობის შესაქმნელად

პარლამენტში დიდი რაოდენობით შესვლის შემთხვევაში, პაატა ბურჭულაძის ხმები შეიძლება გახდეს სავაჭრო უმრავლესობის შესაქმნელად

 

პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის, თსუ-ს პროფესორ კორნელი კაკაჩიას შეფასებით, პარლამენტში დიდი რაოდენობით შესვლის შემთხვევაში, პაატა ბურჭულაძის ხმები შეიძლება გახდეს სავაჭრო უმრავლესობის შესაქმნელად.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” კაკაჩიამ განუცხადა, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილებას მოულოდნელობის ეფექტი ნაკლებად აქვს.

”რაც არ უნდა განცხადება გააკეთოს მან, რომ მხოლოდ ახლა გადაწყვიტა პოლიტიკაში შემოსვლა, ამას ეფექტი არ ექნება, ვინაიდან მას შემდეგ, რაც შემქნა ფონდი და დაიწყო რეგიონებში სიარული, საზოგადოება ამ ნაბიჯისთვის მზად იყო. რაც შეეხება შანსებს, მთლიანობაში შანსები ამ არჩევნებში, ალბათ, ყველა პარტიას აქვს გამომდინარე საზოგადოების განწყობიდან. ჩვენ ვხედავთ, 60%-მდე მოსახლეობას ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია, ვის მისცეს ხმა საპარლამენტო არჩევნებში და ძირითადი პარტიების რეიტინგი საკმაოდ დაბალია. აქედან გამომდინარე, მათ გარკვეული შანსი რეალურად აქვთ, თუმცა არჩევნები გვანახებს, რამდენად სწორი იყო ეს გათვლები მათი მხრიდან, ვინაიდან კონკურენტებიც საკმაოდ ბევრნი არიან. კიდევ ერთი პრობლემა შეიძლება იყოს ის, თუ რამდენად ეყოთ მათ დრო რეგიონული სტრუქტურების ჩამოსაყალიბებლად”, - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

მისივე აზრით, პაატა ბურჭულაძის პარტია წინაასაარჩევნოდ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ შევა ბლოკში, თუ ამის აუცლებლობა უშუალოდ არჩევნების წინ არ დადგა. რაც შეეხება იმას, თუ ვისთან შეიძლება ითანამშრომლოს ბურჭულაძემ პარლამენტში შესვლის შემდეგ, კორნელი კაკაჩიას თქმით, ეს ამ ეტაპზე გაურკვეველია.

”ჩვენ ვიცით ერთი რამ, რომ პარლამენტი იქნება მულტიპარტიული, თუმცა არ ვიცით, პარტიები როგორ განლაგდებიან და დაჯგუფდებიან. აქედან გამომდინარე, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელშიც იქნება, პაატა ბურჭულაძე, ალბათ, ითანამშრომლებს იმ პარტიებთან, რომლებიც მეტ-ნაკლებად მეტ ხმას დააგროვებენ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თვითონ რამდენ ადამიანს შეიყვანენ, იმიტომ რომ თუ მათ შეძლეს საკამოდ დიდი რაოდენობით შესვლა პარლამენტში, მაშინ შეიძლება მათი ხმები იყოს სავაჭრო ხმები იგივე უმრავლესობისთვის, რომელმაც შეიძლება აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოაგროვოს და პატარა პარტიების ხმები დასჭირდეს ან კოალიციაურ რეჟიმში მოუწიოს მუშაობა. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე კონკრეტულ პარტიებზე არჩევანის გაკეთება სწორი არ იქნება”, - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.