მიხეილ ჯანელიძე კონგრესმენ ტედ პოს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

მიხეილ ჯანელიძე კონგრესმენ ტედ პოს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კონგრესმენ ტედ პოს განცხადებას მნიშვნელოვანს უწოდებს და აღნიშნავს, რომ კონგრესის მხარდაჭერა დასაფასებელია.

ჯანელიძის თქმით, კონგრესმენის მიერ გაკეთებული განცხადება საქართველოს მიერ პროგრესის ასახვაა.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არამარტო აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან, არამედ კონგრესის მხრიდანაც იყოს მაქსიმალური მხარდაჭერა. პირველ რიგში, ცნობადობა იმ რეფორმების, რომლებიც საქართველოში ხორციელდება, ასევე იმ ნაბიჯების დანახვა, რომელსაც ვდგამთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ამასთან, კონგრესმენი პოს მხრიდან მოხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის ინიცირება, რომელიც ასევე განიხილება კონგრესში",- განაცხადა ჯანელიძემ. 

ამერიკელმა კონგრესმენმა ტედ პომ, კონგრესში გამოსვლისას საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ  ისაუბრა.

მან  გამოსვლაში დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცების კუთხით საქართველოს  მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, რომელიც პოლიტიკური არასტაბილურობით გამოირჩევა,  საქართველო დემოკრატიის იმედის შუქურად და დემოკრატიული იდეოლოგიისა და თავისუფლების გამავრცელებლად რჩება.

კონგრესმენებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.