ლევან ბერძენიშვილი:  პრეზიდენტი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს აგინებს, პრეზიდენტი არ არის

ლევან ბერძენიშვილი: პრეზიდენტი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს აგინებს, პრეზიდენტი არ არის

პრეზიდენტი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს აგინებს, ის პრეზიდენტი არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხდა.

მისი თქმით, პრეზიდენტი ქვეყანაში არსებულ ყველა პოლიტიკურ პარტიას აგინებს და გაურკვეველია ის ვისი პრეზიდენტია.

,,პრეზიდენტი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს აგინებს, ის პრეზიდენტი არ არის.

აბაშიშვილი იმხელა ფიგურა არ არის, რომ მას სერიოზული პასუხი გავცე. თუმცა, რადგან მას უთქვამს, რომ ”რესპუბლიკელებს” რაღაც ახასიათებს, ეტყობა იცის, იმიტომ, რომ ახალგაზრდა რესპუბლიკელების ინსტიტუტის ხელმძღვანელი იყო. ეს განცხადებები სერიოზული არ არის. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ პარტიას აგინებს და ვისი პრეზიდენტია, აღარ ვიცი. მან უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მას გავაკრიტიკებთ. ვეტოსაც დავძლევთ, მაგრამ მან ჩვენთან უნდა ითანამშრომლოს. მას ყველაფერი უნდა დაენახა, თუ რა გააკეთა მისი ინსტიტუტის გადასარჩენად დათო უსუფაშვილმა. მაგრამ არ დაინახა, ჩვენ დაგვრჩა აზრი, რომ უმადურია. ეს იმიტომ მოხდა, რომ ის პოლიტიკაში არავინ იყო და ერთ დღეში პრეზიდენტი გახდა. ეს ექსპერიმენტი გამართლებული და სწორი არ იყო და თუ აბაშიშვილს ჰგონია, რომ რაღაც თანამდებობაზეა და ამიტომ ბრძნულს იტყვის, დიდი ბოდიში. მისი დონე, მის განცხადებებს არ შეესაბამება. პრეზიდენტმა პარტიებისა და ხალხის პატივისცემა უნდა ისწავლოს. მარტო ხუხაშვილის, აბაშიშვილის და ჩიხრაძის სიყვარული არ არის პრეზიდენტობა. ის თავისი კომპეტენციის ზღვარს მიღმაა და პროცესებს ვერ მართავს, საკუთარ უფლებებს არ იცნობს და უკვირს, ვიღაცამ ვეტო რომ დაუძლია. როგორი პრეზიდენტიც მარგველაშვილია, ისეთი თანაშემწეა აბაშიშვილიც. ის მაინც ვიცი, ვინ ვინ არის და ძალიან უცნაურია, რომ აბაშიშვილი ”რესპუბლიკურ პარტიაზე” საუბარს ბედავს. ჩვენ 38 წლის პარტია ვართ, აბაშიშვილი კი ერთი წლის პოლიტიკოსიც არ არის. გაიზრდება და რაღაცას ისწავლის, თუმცა, მეეჭვება“, -განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ,,რესპუბლიკელები“ პირველივე დღიდან ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტს.

„ბერძენიშვილის კომენტარი, სიტყვათა წყობა, აზრთა წყობა ძალიან გავდა ,,ქართული ოცნების“ წევრების, მათ შორის ბატონი მეჭიაურის განცხადებებს. ამავდროულად თავდაპირველად ,,რესპუბლიკური პარტიაში“ საუბრობდნენ, რომ ისინი მხარს უჭერდნენე პრეზიდენტს, გუშინ ბერძენიშვილის განცხადებამ დაადასტურა, რომ ისინი პირველივე დღიდან ეწინააღმდეგებოდნენ პრეზიდენტს.

,,რესპუბლიკური პარტია“ ყოველთვის დიდი მონდომებით მონაწილეობდა პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ არაკონსტიტუციურ კანონებზე ვეტოს დაძლევაში”, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.