ჩიორა თაქთაქიშვილსა და ეკა ბესელიას შორის დაპირისპირების მიზეზი ”ახალაიას საქმის” ხსენება გახდა

ჩიორა თაქთაქიშვილსა და ეკა ბესელიას შორის დაპირისპირების მიზეზი ”ახალაიას საქმის” ხსენება გახდა

ოპოზიციონერი დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ მონიტორინგის ანგარიშს ისმენდნენ, ეკა ბესელიას მხრიდან ახალაიას საქმის ხსენებამ გააღიზიანა.

არასამთავრობოთა ანგარიშში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ერთ-ერთ უარყოფით მხარედ მოსამართლეთა გადაყვანასთან დაკავშირებული საკითხია შეფასებული. ამ თემაზე დისკუსიისას, ეკა ბესელიამ ”ახალაიას საქმე” იმის დასტურად ახსენა, რომ მოსამართლეთა გადაყვანის მეთოდი კონკრეტულ საქმეებზე იყო მორგებული. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, ერთ-ერთი რაიონული სასამართლოს მოსამართლე თბილისში გადმოიყვანეს და ეს მოსამართლე ახალაიას გახმაურებულ საქმეს იხილავდა. მან აღნიშნა, რომ იყო კიდევ ერთი ანალოგიური შემთხვევა და გაჩნდა კითხვა, ხომ არ ახვედრებდნენ გადმოყვანილ მოსამართლეებს კონკრეტულ საქმეებს.

”იყო ასეთი შემთხვევები და ამის თაობაზე ბევრჯერ გვისაუბრია”, - აღნიშნა ბესელიამ.

მას საუბარი ჩიორა თაქთაქიშვილმა შეაწყვეტინა და მიმართა, რომ ძალიან უყვარს წარსულზე საუბარი.

თაქთაქიშვილმა მოითხოვა, რომ საუბრის გაგრძელებისა და პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა მისცემოდა. ბესელიამ კი მიმართა, რომ პირადად მას საუბარი ჯერ დასრულებული არ ჰქონდა და კოლეგას რეგლამენტისა და ეთიკის დაცვისკენ მოუწოდა.

”რატომ აგაღელვათ ამ საქმის საკითხის გახსენებამ?! ხომ არ გაგახსენდათ ის სიმართლე, რაც გითხარით?!”, - მიმართა ბესელიამ თაქთაქიშვილს.

პასუხად, თაქთიშვილმა ბესელია განხილვის პროცესის პოლიტიზირებაში დაადანაშაულა.

”როცა ამ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს ახსენებთ, ბაჩო ახალაია თქვენს მიერ გაკონტროლებულმა სასამართლომ 13-ჯერ გაამართლა, ხოლო მისი ძმის საქმე ევროპის სასამართლოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაასახელეს როგორც უპრეცედენტო საქმე, სადაც უპრეცედენტოდ არის დარღვეული სამართლის პრიპციპები. როცა ამ საქმეებში პოლიტიკურ ნიშანზე საუბრობთ, ჩუმად უნდა იყოთ. ეს ის საქმეებია, რომელიც ბოლოს მოუღებს თქვენს მითებს სასამართლოს ე.წ. დამოუკდიებლობის შესახებ. სასამართლო თქვენ შეიყვანეთ კრიზისში”, - მიმართა ბესელიას ჩიორა თაქთაქიშვილმა.

საბოლოოდ, მათ შორის დაწყებული კამათი დაპირისპირებაში გადაიზარდა და სხდომა ჩაიშალა.