შევთხოვთ უფალს, რომ წმინდა მოციქულ ანდრიას ლოცვითა და მეოხებით განამტკიცოს ჩვენი ხალხი

შევთხოვთ უფალს, რომ წმინდა მოციქულ ანდრიას ლოცვითა და მეოხებით განამტკიცოს ჩვენი ხალხი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპილიტის, უწმინდესი და უნეტარესის ილია მეორის განცხადებით, ანდრია წირველწოდებული ჩვენთვის გამორჩეული მოციქულია.

როგორც უწმინდესმა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ლურჯ მონასტერში ქადაგებისას ბრძანა, როცა ის რომის პაპს შეხვდა, მან თქვა, რომ რომის ეკლესია პეტრე მოციქულის მიერ იყო დაარსებული, ხოლო საქართველოს ეკლესია ანდრია პირველწოდებულის მიერ და ესენი ძმები არიან.

„ჩვენთვის წმინდა მოციქულს ანდრია პირველწოდებულს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სულიერ ცხოვრებაში. ის არის ჩვენი განმამტკიცებელი და ღვთის განგებით წარმოგზავნილი საქართველოში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კურთხევითა და მეოხებით. ანდრია პირველწოდებულმა მოიტანა საქართველოში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი და იყო პირველი მქადაგებელი. ის იყო ძმა პეტრე მოციქულისა. ანდრია პირველწოდებული გამორჩეულია ჩვენთვის მოციქულთა შორის. განსაკუთრებული პატივისცემა იყო საქართველოში ძველ დროს, შვიდჯერ იყო დღესასწაული ანდრია პირველწოდებულისა. შევთხოვთ უფალს, რომ წმინდა მოციქულ ანდრიას ლოცვითა და მეოხებით განამტკიცოს ჩვენი ხალხი, მთელი მსოფლიო და მართლმადიდებლური სამყარო, ჭეშმარიტი სარწმუნეობა“, - აღნიშნა უწმინდესმა.

ქადაგების შემდეგ მონასტერში პარაკლისი გადაიხადეს.

„შევთხოვოთ ანდრია პირველწოდებულს მოგვანიჭის უფალმა მშვიდობა და კეთილდღეობა“, - ბრძანა პატრიარქმა.