2013-2015 წლებში რუსეთის სასამართლოებმა ქვეყნიდან 513 000 ადამიანის გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს

2013-2015 წლებში რუსეთის სასამართლოებმა ქვეყნიდან 513 000 ადამიანის გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს

2013 წლიდან 2015 წლის ბოლომდე რუსეთის სასამართლოებმა ქვეყნიდან 513 000 ადამიანის გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო დახმარების კომიტეტის“ ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც ორგანიზაციის პრესსპიკერი, კონსტანტინ ტროიცკი აცხადებს, ბოლო პერიოდში გაიზარდა რუსეთის საიმიგრაციო სამსახურის მიერ ე.წ რეიდების ჩატარების ფაქტები. ამასთან, მოსკოვში მხოლოდ 2015 წელს საოლქო სასამართლომ 58 000-ზე მეტი ადამიანის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო ადმინისტრაციული კოდექსის 18.8 და 18.10 მუხლების მიხედვით.

„სამოქალაქო დახმარების კომიტეტის“ ანგარიშში საუბარია ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე და სასამართლოს მიერ მიღებულ უსამართლო გადაწყვეტილებებზეც.

„ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება არაერთ შემთხვევაზე, როდესაც უცხოელს, რომელსაც ქუჩაში აკავებენ და რომელთაც დაკავების დროს არ აქვთ საჭირო დოკუმენტები, მოგვიანებით მოაქვს დოკუმენტები, თუმცა, მოსამართლე ამას აღარ ითვალისწინებს. მოსამართლე ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილებას მსგავს შემთხვევებში მაინც იღებს. უფრო მეტიც, 2015 წლის ბოლოს და 2016 წლის დასაწყისში მსგავსი გადაწყვეტილებები მეორე ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა“, - წერია ანგარიშში.

ორგანიზაციის ცნობით, ადამიანების დეპორტაცია ხდება რუსეთიდან, მიუხედავად იმისა, რომ მათ შესაძლოა, არ ჰქონდეთ სამშობლოში დასაბრუნებელი ბილეთის ფული.

„მხოლოდ უკრაინის მოქალაქეს აქვს შანსი დარჩეს რუსეთში და იმათ, რომელთაც რუსეთში ახლო ნათესავები ჰყავს. სხვები იძულებული არიან წავიდნენ რუსეთიდან მაშინაც კი, თუ მათი შვილები სახლში შიმშილით იხოცებიან, მსგავსი შემთხვევები კი ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის ხშირია“, - წერია „სამოქალაქო დახმარების კომიტეტის“ განცხადებაში.