ოკუპირებულმა აფხაზეთმა თომას ჰამერბერგთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა

ოკუპირებულმა აფხაზეთმა თომას ჰამერბერგთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა

ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში დამოუკიდებელი ექსპერტი, თომას ჰამერბერგი, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული სიტუაციის შესაფასებლად, აფხაზეთს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში ის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ადამიანის უფლბებების სფეროში სიტუაციის შესწავლის მიზნით თომას ჰამერბერგის საქმიანობისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადების პერსპექტივა განიხილეს.

”ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ, მაგრამ ამავდროულად იმედი გვაქვს თქვენი ნეიტრალურობის, რომლის დემონსტრირებასაც ყოველთვის ახდენთ თქვენს საქმიანობაში. როგორც ნებისმიერ სახელმწიფოში, ჩვენთანაც არის პრობლემები ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ჩვენ მათ არ ვმალავთ და ვმუშაობთ ამ პრობლემების გადასაწყვეტად. პოლიტიზირებული იარლიყების მოწებების წინააღმდეგი ვართ. საჭიროა იმ ობიექტური სირთულეების გათვალისწინება, რომელსაც ახალგაზრდა აფხაზური სახელმწიფო ეჯახება, მათ შორის, საქართველოსთან დაურეგულირებელი ურთიერთობების ჩათვლით. დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენი კვლევის შედეგები არ იქნება გამოყენებული აფხაზეთზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად და სხვადასხვა სახის სპეკულაციებისთვის. ვიმედოვნებ, თქვენი საქმიანობა ხელს შეუწყობს არამარტო ჩვენთან არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრას, არამედ ჩვენი სახელმწიფოს სწორად აღქმას საერთაშორისო ასპარეზზე”, - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლამდე ჰამერბერგმა შეხვედრები თბილისში გამართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თომას ჰამერბერგი, სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერის დავალებით, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას დამოუკიდებელი ექსპერტის რანგში შეაფასებს.