არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ამ დროისთვის ორი პარტიაა დარეგისტრირებული, ათი კი რეგისტრაციის პროცესშია

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ამ დროისთვის ორი პარტიაა დარეგისტრირებული, ათი კი რეგისტრაციის პროცესშია

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ამ დროისთვის ცესკო-ში ორი პარტიაა დარეგისტრირებული, ათი კი რეგისტრაციის პროცესშია. 
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ განუცხადა, რეგისტრირებული პარტიებია - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ”სახალხო ხელისუფლება” და პოლიტიკური გაერთიანება ”სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა უფალია ჩვენი სიმართლე”, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს სახელით - ”ზვიადის გზა უფლის სახელით”.

ცესკო-ს სპიკერის ინფორმაციით, რეგისტრაციის პროცესშია 10 პარტია.
”მათ განცხადებით მიმართეს ცესკო-ს, მიიღეს შესაბამისი ფორმები, რაზეც უნდა შეგროვდეს ამომრჩეველთა ხელმოწერები, ჯერჯერობით ხელმოწერები ცესკო-ში წარდგენილი არ არის, თუმცა მათ ამისათვის ვადები აქვთ”, - განმარტა ანა მიქელაძემ.

რეგისტრაციის პროცესში არიან და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავენ შემდეგი პარტიები - ”დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისათვის”, ”საქართველოს კომუნისტური პარტია სტალინელები” (ივანე წიკლაური), ”საქართველო”, ”პარტია ჩვენი სამშობლო”, ”მშრომელთა სოციალისტური პარტია”, ”სახალხო პარტია”, ”უპირველეს ყოვლისა გადავარჩინოთ საქართველო და ქართველები”, ”ევროპელი დემოკრატები”, ”საქართველოს კონსერვატიული მონარქისტული პარტია”, ”გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა”.

საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება, წინასაარჩევნო რეჟიმში კი ქვეყანა 4 თვით ადრე, 8 ივნისიდან გადავა.