საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თამაზ მეჭიაურს მადლობა გადაუხა.
კანდელაკის თქმით, მეჭიაურმა თავისი განცხადებებით ნათლად ჩამოაყალიბა ის საგარეო პოლიტიკური მისწრაფება, რომელიც "ქართულ ოცნებას" და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს რეალურად აქვს.
"მე მინდა მადლობა გადავუხადო დღეს ბატონ თამაზ მეჭიაურს. რადგან მან ძალიან გასაგებად, ნათლად ჩამოაყალიბა და გვითხრა, რა არის სინამდვილეში ბიძინა ივანიშილის და "ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკური მისწრაფება. ამ მისწრაფებას საერთო არაფერი აქვს ნატო-სთან და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანთან. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მათ ვერ შეასხეს ხორცი ამ მისწრაფებებს იყო ის, რომ ივანიშვილს აკავებდა პროდასავლური მედია "რუსთავი 2“ და პროდასავლური მთავარი ოპოზიციური ძალა "ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა კანდელაკმა.
შეგახსენებთ, რომ თამაზ მეჭიაურის აზრით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გარეშე არ მოხდება. მისი თქმით, სამხედრო დაპირისპირებას რუსეთთან ყველა გაურბის და დღევანდელი მოცემულობით, საქართველოს ნატო-ში არავინ მიიღებს.