პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გუშინდელ განცხადებაში კოალიცია "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში, გაღიზიანება შეიმჩნეოდა.
საყვარელიძის თქმით, სასიამოვნოა, რომ პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ურთიერთობამ ასეთი სახე მიიღო, თუმცა ამ ურთიერთობის წყალი ჯერჯერობით, მისი და "ქართული ოცნების" ურთიერთობას არ გადასხმია.
"სასიამოვნოა, რომ პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ურთიერთობამ ასეთი სახე მიიღო. თუმცა, სამწუხაროა, რომ ამ ურთიერთობის წყალი ჯერ არ გადასხმია ურთიერთობას პრეზიდენტსა და "ქართულ ოცნებას" შორის. პრეზიდენტი ცდილობს, რომ თანაბარი იყოს ყველა პარტიასთან და ალბათ, იმასაც გულისხმობს, რომ თანაბრად კეთილგანწყობილი იყოს ყველა პარტიის მიმართ. თანაბრად იყოს იმ მხრივაც, რომ არ იყოს გაღიზიანებული რომელიმე პარტიაზე", - განუცხადა საყვარელიძემ "პირWელს".
მისი თქმით, სამწუხაროდ, პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებაში გაღიზიანების ელემენტები შეიმჩნეოდა, რაც ალბათ, საპრეზიდენტო მედიატორის ფუნქციისთვის სასარგებლო არ არის.
შეგახსენებთ, გუშინდელ ბრიფინგზე პრეზიდენტმა თამაზ მეჭიაურსა და ”რესპუბლიკურ პარტიას” შორის დაპირისპირებაზე დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ის ნაკლებად აფასებს ამ პროცესებსა და დინამიკას, რადგან ეს არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც პრინციპულად უპირისპირდებოდა, როდესაც საუბარი იყო პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემასა და საპრეზიდენტო გამოსვლებზე.
"ერთადერთ შემიძლია ხაზგასმით ვთქვა, რომ მთელ ამ პოლიტიკურ ორწლიან პროცესში პოლიტიკური ფიგურა, რომელთანაც მე შევძელი ურთიერთობა და რომელთანაც შესაძლებელი იყო მანამდეც კონსტრუქციული დიალოგი, დღესაც შესაძლებელია და იმედია, რომ მომავალშიც ასე იქნება, ეს არის გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც არასადროს კარგავდა სახეს, როგორც მინისტრი და როგორც ვიცე-პრემიერი", - განაცხადა მარგევლაშვილმა.