თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე გლდანის რაიონის გამგებლად დიმიტრი ორმოცაძისა და მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსად კახაბერ გვანცელაძის დანიშვნის საკითხი განიხილეს.
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, თედო კობახიძის განცხადებით, სხდომაზე კანდიდატებმა დადებითი შეფასება მიიღეს, რადგან, კობახიძის თქმით, მათ კარგი გამოცდილება აქვთ. მისივე განცხადებით, დიმიტრი ორმოცაძე და კახაბერ გვანცელაძე კარგი მენეჯერები არიან.
”დიმიტრი ორმოცაძეს და კახაბერ გვანცელაძეს როგორც კერძო სექტორში, ასევე საჯარო სექტორში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ, არიან კარგი მენეჯერები და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დაკისრებულ მოვალეობას თავს საკმაოდ კარგად გაართმევენ”, - განაცხადა თედო კობახიძემ.
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსად დანიშვნის კანდიდატის კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, მისი მთავარი მიზანი დასაქმების ზრდის ხელშეწყობა იქნება.
”პირველ რიგში ჩემი მიზანი იქნება დასაქმების ზრდის ხელშეწყობა. კონკრეტული ამოცანებია: საინვესტიციო პროექტების მომზადება და ხელშეწყობა, თბილისის განვითარების სტრატეგიების განახლება და ინოვაციური პროექტების განხორციელება”, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.