მრჩება შთაბეჭდილება, რომ ადამიანები, რომლებიც დაჟინებით ითხოვდნენ რაც შეიძლება გრძელ წინასაარჩევნო კამპანიას, დიდი პოლიტიკური სეირის საყურებლად ემზადებიან, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე საპარლამენტო არჩევნების დანიშვის თაობაზე პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების 8 ივნისს გამოცემისა და შესაბამისად, ამ პერიოდიდან წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების გადაწყვეტილებას.
როგორც კვაჭანტირაძემ ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, წინასაარჩევნო კამპანიის 8 ივნისიდან დაწყება სწორი გამოსავალი არ იყო, მაგრამ იმის გამო, რომ საკითხი საჯილდაო ქვად იქცა, ”ქართული ოცნება” და მისი ლიდერი გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, კომპრომისზე წავიდა.
”ჩემთვის უცნობია, იყო თუ არა აღნიშნული საკითხი სავაჭრო თემა, მოლაპარაკების და კონსულტაციების თემა კი ნამდვილად გახდა. ჩვენთვის თავიდანვე გასაკვირი იყო პირველი განზრახულობები, რომ წინასაარჩევნო კამპანია ხუთი თვით ადრე დაწყებულიყო. ახლა, საბოლოოდ ოთხი თვე გადაწყდა. პარტია ”ქართულ ოცნებას” ამ ოთხი თვის განმავლობაში საარჩევნო კამპანიის წარმართვის არანაირი პრობლემა არ აქვს, მაგრამ ვთქვით, რომ ამხელა ხარჯების გაწევა ბიუჯეტისთვისაც არ იქნებოდა სახარბიელო. პრეზიდენტის მხრიდან იყო წინადადება, რომ თავისი ფონდიდან დააფინანსებდა. პრეზიდენტის ფონდიც ასევე სახელმწიფო ფული - ბიუჯეტის შემადგენელი ნაწილია. ბიუჯეტსაც რომ თავი დავანებოთ, პირადად ჩემი სუბიექტური აზრია, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის ადამიანები, რომლებიც გრძელვადიან წინასაარჩევნო პერიოდს დაჟინებით ითხოვდნენ, დიდი პოლიტიკური სეირის საყურებლად არიან მომზადებული. არა მგონია, ეს იყო სწორი მიდგომა და დემოკრატიის ტრადიციის საუკეთესო მაგალითი. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ქვეყანას, სადაც წინასაარჩევნო კამპანია ამხელა პერიოდს მოიცავს. ის, რომ 2013 წელს მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნები სამი თვით ადრე დანიშნა, არ უნდა ყოფილიყო სააკაშვილისთვის ჯობნის მოტივაცია - მაშინ სააკაშვილს სულ სხვას მოტივაცია ჰქონდა, ასევე გაუმართლებელი”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ზვიად კვაჭანტირაძემ.