პრეზიდენტის და პრემიერის ინსტიტუტებმა შეინარჩუნა სახე და თანამშრომლობის ნიმუში აჩვენა, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ”ინტერპრესნიუსს” ქვეყნის პირველი პირის გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღად 8 ივნისი გამოაცხადა.
”პოზიტიურად ვუყურებ ამ ფაქტს. პირველ ეტაპზე ეს კომუნიკაცია იყო ხარვეზიანი და ჩემი აზრით, ეს იყო სამწუხარო ტრადიციის ამოძახილი, რაც უდნობლობის ატმოსფეროს აყალიბებდა აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პრეზიდენტის ინსტიტუტს შორის. მე ვფიქრობ, რომ გუშინდელმა დღემ ეს უნდობლობის აურა რაღაცნაირად დაანგრია. იმისთვის, რომ ეს თანამშრომლობა შემდგარიყო ინსტიტუტებს და არა კონკრეტულ პიროვნებებს შორის, ორივე მხარეს უნდა გადაედგა ნაბიჯი დათმობისკენ და აი, ეს ოთხი თვე არის კონსენსუსი. ორმა ინსტიტუმა შეინარჩუნა სახე და აჩვენა თანამშრომლობის ნიმუში, რაც ამ ქვეყანაში სამწუხაროდ მონატრებული გვაქვს. იმას, რაც გუშინ მოხდა, პოზიტიურად აღვიქვამ და არ ვარ იმ განწყობაზე, რომ გავიხსენო ის ხარვეზები, რაც ახლდა ამ პროცესს თან”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ გაუგებრობები, რაც პირველ ეტაპზე საზოგადოებამ იხილა, განპირობებული იყო იმ მანკიერი ტრადიციით, რაც ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობას აკლდა მთელი ორი წლის განმავლობაში.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ორმხრივი დათმობა პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცებას უკავშირდებოდეს, ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი გუშინ სავარაუდოდ, განხილული არ იქნებოდა.
”არ ვარ ზედმეტად ოპტიმისტიც, რადგან მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა თანამშრომლობის კონტურები გამოიკვეთა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, მე ვფიქრობ, პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის ამ ჭრილში პრობლემები ჯერ კიდევ სახეზე გვაქვს. ასე, რომ მე არ მგონია, შეხვედრაზე ეს საკითხი ყოფილიყო განხილული - ჯერ კიდევ არ არის დალაგებული ურთიერთობები პრეზიდენტსა და საპარლამენტო ელიტას შორის. მე ვერ ვხედავ ამ ორ საკითხს შორის პირდაპირ კავშირს, ირიბად შეიძლება აისახოს, მაგრამ ჯერჯერობით ნაადრევია დასკვნების გაკეთება”, - აღნიშნა ხუხაშვილმა.
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყება. ამის შესახებ შეთანხმება გუშინ პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის სპიკერსა და ცესკოს თავმჯდომარეს შორის გამართული კონსულტაციების ფარგლებში შედგა.