ევროპის საბჭოს მომხსენებელები პოლიტიკურ ძალებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსენსუსისკენ მოუწოდებენ

ევროპის საბჭოს მომხსენებელები პოლიტიკურ ძალებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსენსუსისკენ მოუწოდებენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოში ვიზიტის შემდეგ განცხადებას ავრცელებენ. ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი მიესალმებიან საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განზრახვას ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში” შესატანი ცვლილებები გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში შესაფასებლად მანამ ვიდრე მას პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილავენ. 

„საკონსტიტუციო სასამართლოს როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის მნიშვნელოვანი როლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს. მომდევნო რამდენიმე დღეში ვენეციის კომისიისთვის შეფასების თხოვნით მიმართვის შემდეგ, კომისიას შესაძლებლობა ექნება შეიმუშავოს მოსაზრება ივნისში დაგეგმილ პლენარულ სესიაზე, რაც პარლამენტს საშუალებას მისცემს გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია საბოლოო მოსმენით კანონში შესატან ცვლილებების დამტკიცების დროს, - განაცხადეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა.

მათ ასევე ყურადღება გაამახვილეს საარჩევნო პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემის შეცვლის საკითხზეც. 

„როგორც ამ დრომდე განვაცხადეთ, 2007 წლის შემდეგ მმართველმა უმრავლესობამ და ოპოზიციამ ვერ შეძლო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა, რაც პოლიტიკური დაძაბულობის მუდმივი მიზეზი გახდა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, წავიდეს ახლა დათმობაზე, იმისათვის რომ თავიდან აიცილონ ის, რომ ეს პრობლემა 2020 წლის არჩევნების დროსაც აღარ წარმოიშვას“, - აცხადებენ თანამომხსენებლები. 
მათ ასევე მოუწოდეს ყველა პოლიტიკურ ძალას თავი შეიკავონ ნებისმიერი იმ ქმედებისგან, რაც ნეგატიურად აისახება მომავალი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე. „2012 წლის არჩევნებით საქართველო რეგიონში სამაგალითო გახდა. ეს ტენდენცია 2016 წელსაც უნდა შენარჩუნდეს“, - აცხადებენ ისინი.

საქართველოში ვიზიტისას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები უმცირესობების თემაზე რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდნენ. მათ მოუწოდეს მთავრობას გააგრძელოს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და გააძლიეროს საზოგადოებაში უმცირესობებისთვის ტოლერანტული გარემო. 

თანამომხსენებლები საქართველოს წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთხელ ეწვევიან, რათა შეაფასონ და დააკვირდნენ მომავალი საპარლამენტო არჩევნების პროცესს.