თამარ კორძაია - ჩვენ ერთადერთი კონსტრუქციული პოლიტიკური ძალა ვიყავით, როდესაც პრეზიდენტზე თავდასხმები ხორციელდებოდა

თამარ კორძაია - ჩვენ ერთადერთი კონსტრუქციული პოლიტიკური ძალა ვიყავით, როდესაც პრეზიდენტზე თავდასხმები ხორციელდებოდა

გაუგებარია რატომ იქცა პრეზიდენტი პოლიტიკურ მხარედ, როდესაც მუდმივად ახდენს საკუთარი თავის დისტანცირებას, - ამის შესახებ ’’რესპუბლიკური პარტიის ” წევრმა თამარ კორძაიამ პრეზიდენტის საპასუხოდ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით , გაუგებარია პრეზიდენტის პათოსი, თუ რატომ აიგივებს ის ”ქართულ ოცნებასა’’ და ’’რესპუბლიკურ’’ პარტიას ერთმანეთთან. კორძაიას შეფასებით, ’’რესპუბლიკური პარტია” პრეზიდენტის განცხადებების მიმართ ყოველთვის კონსტრუქციული იყო.

’’საქართველოში არ მეგულება პოლიტიკურად აქტიური ადამიანი, რომელსაც დავით უსუფაშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია, შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტსაც აქვს კომუნიკაცია. ჩვენ ერთადერთი კონსტრუქციული პოლიტიკური ძალა ვიყავით, როდესაც მასზე თავდასხმები ხორციელდებოდა. აუხსნელია, რამ გამოიწვია მისი ეს ემოციური განცხადება. გაუგებარია, რატომ იქცა ის პოლიტიკურ მხარედ, როდესაც მუდმივად ახდენს საკუთარი თავის დისტანცირებას და ცდილობს იყოს აპარტიული პოლიტიკოსი”, - აცხადებს თამარ კორძაია.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ”ქართული ოცნება” და ”რესპუბლიკური პარტია” უნისონში საუბრობდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტების და პრეზიდენტის მმართველობის დისკრედიტაციის თაობაზე. მისი თქმით, ისინი საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის როლი მხოლოდ პანაშვიდებზე სიარულია. ”საუბრობდნენ, რომ თურმე როდესაც პრეზიდენტი მოიწვევს პარლამენტის სხდომას, ტელევიზიით უნდა მოუწოდო დეპუტატებს, ნუ დაუჯერებთ პრეზიდენტს და ნუ მიხვალთ იმ სხდომაზე იმიტომ, რომ დეპუტატი თურმე პარლამენტში არ უნდა მიდიდოდეს პრეზიდენტის დაძახებულზე”, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

მისივე თქმით, ეს არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც პრინციპულად უპირისპირდებოდა მათ, როდესაც საუბარი იყო პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემაზე და საპრეზიდენტო გამოსვლებზე. ”ეს არის ის გუნდი, რომელიც ხშირად ვერ ხედავდა ჩემს ადგილს საქართველოს პარლამენტში. ეს არის ის გუნდი, ბატონი ”ქართული ოცნების” დეპუტატი და ”რესპუბიკური პარტიის” დეპუტატი უნისონში გმობდნენ პრეზიდენტის ვეტოს ეროვნულ ბანკთან მიმართებაში, რომელიც შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა. ეს არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც უნისონში ახერხებდა იმას, რომ პრეზიდენტს შესაბამისი კორესპონდენცია არ მიეღო უცხოეთიდან. მე ერთადერთი შემიძლია ხაზგასმით ვთქვა, რომ მთელ ამ პოლიტიკურ ორწლიან პროცესში პოლიტიკური ფიგურა, რომელთანაც მე შევძელი ურთიერთობა და რომელთანაც შესაძლებელი იყო მანამდეც კონსტრუქციული დიალოგი, დღესაც შესაძლებელია და იმედია, რომ მომავალშიც ასე იქნება, ეს არის გიორგი კვირიკაშვილი. რომელიც არასადროს კარგავდა სახეს, როგორც მინისტრი და როგორც ვიცე-პრემიერი. 
დანარჩენ ფიგურანტებზე ნაკლებად მინდა ვიმსჯელო, მაგრამ ამ პროცესს აქვს თავისი ისტორია და მეთოდურად როდესაც შენს პრინციპებს ღალატობ, ეს გიბრუნდება უკან”, - განაცხადა გიორიგ მარგველაშვილმა.