ზაქარია ქუცნაშვილი;   პრეზიდენტის გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივად სწორია

ზაქარია ქუცნაშვილი; პრეზიდენტის გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივად სწორია

პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის სახელმწიფოებრივად სწორი, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის 8 ივნისიდან დაწყებასთან დაკავშირებით.

დეპუტატის მოსაზრებით, აღნიშნული წინასაარჩევნო პერიოდი ყველა პოლიტიკური პარტიისთვის საკმარისი უნდა იყოს. „პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის სახელმწიფოებრივად სწორ, რადგან მან გამჭვირვალე გახადა წინასაარჩევნო კამპანიის თარიღი და შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო კამპანიისათვის შეჯიბრი 8 ივნისს დაიწყება. თუმცა ეს სულაც არ უზღუდავს საარჩევნო სუბიექტებს, რომ ახლავე იმუშაონ ამომრჩეველთა ხმების მოპოვებაზე”, - აღნიშნა ქუცნაშვილმა.

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყება.

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყება,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა. ქვეყნის პირველმა პირმა პრემიერთან, პარლამენტის სპიკერსა და ცესკოს თავმჯდომარესთან გამართული კონსულტაციები შეაჯამა და აღნიშნა, რომ გარკვეულ კონსენსუსამდე მივიდნენ.

”შეხვედრაზე განხილულ იქნა რამდენიმე საკითხი. პირველ რიგში, ვისაუბრეთ საარჩევნო პროცედურების შესახებ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჩვენ შეთანხმებული ვიყავით არჩევნების თარიღის თაობაზე და არჩევნების თარიღი არის უცვლელი - 8 ოქტომბერი. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის გამოცხადების თარიღს, აქაც მივედით კონსენსუსამდე, გარკვეულწილად შევაჯერეთ ჩვენი პოზიციები და შევთანხმდით, რომ ჩემს მიერ გაგზავნილი გადაწყვეტილების კონტრასიგნაცია მოხდება 8 ივნისს, რაც ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო კამპანია გაგრძელდება 4 თვის განმავლობაში”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა არჩევნების საკითხზე პირველად განკარგულება 5 აპრილს გამოსცა, 6 აპრილს კი კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს გადაუგზავნა. მაშინ მთავრობის მეთაურმა სამართლებრივი აქტის ხელმოწერაზე უარი თქვა და განკარგულება შენიშვნებითურთ ქვეყნის პირველ პირს უკან დაუბრუნა. გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტს თხოვნითაც მიმართა, რომ ახალი სამართლებრივი აქტი ივლისში გამოეცა, რათა ”ქვეყნის ბიუჯეტს 6-7 თვიანი საარჩევნო კამპანიის წარმოების ფუფუნება არ ჰქონდა”. პრემიერის აღნიშნულ პოზიციაზე საპასუხოდ, თავის მხრივ, პრეზიდენტმა ახალი განკარგულების გამოცემა მაისის დასაწყისში დააანონსა.

აღნიშნულის შემდეგ პოლიტიკური პარტიებიც და არასამთავრობო სექტორიც პრეზიდენტს არჩევნებთან დაკავშირებული ახალი განკარგულების გამოცემამდე მთავრობასთან კონსულტაციების ხელახლა გავლას ურჩევდნენ.

კონსულტაციები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის სპიკერ დავით უსუფაშვილსა და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას შორის დღეს გაიმართა.

უცვლელია არჩევნების თარიღი. ის 8 ოქტომბერს გაიმართება.