არ უნდა დავისახოთ მიზნად იმ ხალხის 0%-მდე დაყვანა, ვინც თვლის, რომ სტალინი გმირია - ეს ყველას დაგვაზარალებს

არ უნდა დავისახოთ მიზნად იმ ხალხის 0%-მდე დაყვანა, ვინც თვლის, რომ სტალინი გმირია - ეს ყველას დაგვაზარალებს

სტალინის ძეგლს თუ სადმე რომელიმე თვითმმართველობა ან სახელმწიფო სტრუქტურა წამოჭიმავს, ეს უკვე პრობლემაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განაცხადა, სადაც მან ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე იან ჰამიჩეკთან ერთად, თემაზე: ”აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნიდან ევროპულ სახელმწიფომდე - პრაღისა და თბილისის გადმოსახედიდან“ საჯარო ლექცია წაიკითხა.

პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა კითხვას იმის თაობაზე, ხომ არ უშლის ევროინტეგრაციის პროცესს ხელს საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში არსებული პრორუსული განწყობები.

”ჩვენ ევროპა გვინდა იმიტომ, რომ გვსურს თავისუფლება ამ ქვეყანაშიც შეუქცევადი იყოს. ჩვენ არ უნდა შეგვაშფოთოს, თუკი ადამიანები გამოთქვამენ განსხვავებულ მოსაზრებებს - ევროპაში ეს არ უკვირთ. მთავარია, ისე არ დაგვემართოს, რომ ყურადღება არ მივაქციოთ პროპაგანდას. თვითდამშვიდებას არ უნდა მივეცეთ და არ უნდა ვთქვათ, რომ რა მოხდა, მხოლოდ 7, 10 ან 12 პროცენტია ის ხალხი, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას მხარს უჭერს, მაგრამ მეორე უკიდურესობაც არ უნდა დაგვემართოს და არ უნდა დავისახოთ მიზნად მათი 0%-მდე დაყვანა. ეს ყველას დაგვაზარალებს.

ობიექტურად, ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ სტალინი გმირია. გუშინ მქონდა შეხვედრა ომის ვეტერანებთან და მოვიდა ერთ-ერთი, რომელსაც ერთ ხელში სტალინის სურათი ეჭირა, მეორეში - ჩემ მიერ შარშან გაგზავნილი მილოცვის სიგელი და მითხრა, როგორ ძალიან ვუყვარვართ ორივე. მე იქ არ დამიწყია კამათი ამ ძალიან ღვაწლმოსილ და მხცოვან ადამიანთან, მაგრამ სტალინის ძეგლს თუ სადმე რომელიმე თვითმმართველობა ან სახელმწიფო სტრუქტურა წამოჭიმავს, ეგ უკვე პრობლემაა”, - განაცხადა უსუფაშვილმა.