"საქართველომ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა, ახლა, ევროპის ვალდებულებაა, სავიზო რეჟიმი გააუქმოს"

ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარის იან ჰამაჩეკის განცხადებით, ევროპამ საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, თავისი დანაპირები უნდა შეასრულოს.

აღნიშნული განცხადება ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ილიას უნივერსიტეტში გამართულ საჯარო ლექციაზე გააკეთა.

მისი განმარტებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, საქართველომ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა და ახლა ევროპის ვალდებულებაა, ქვეყანას ვიზები გაუუქმოს.

მისივე თქმით, ევროპა საქართველოს უვიზო რეჟიმის ამოქმედებას სხვა ქვეყნების კონტექსტში არ განიხილავს.

იან ჰამაჩეკის განმარტებით, ერთადერთი, რაც დარჩენილია, ეს არის ხმის მიცემის პროცედურა, ასევე ევროსაბჭოს გადაწყვეტილება. მანვე იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნისთვის მისაღები იქნება.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპამ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით თამაშები არ უნდა აწარმოოს და თუ ევროპას სურს, სანდო პარტნიორი იყოს, დანაპირები აუცილებლად უნდა შეასრულოს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, ჩეხი კოლეგის პოზიციას ბევრი პარტნიორი ქვეყანა იზიარებს, თუმცა პროცესის მალე დასასრულებლად, საქართველოს კიდევ დასჭირდება ძალისხმევა.

უსუფაშვილის განმარტებით, ვიზალიბერალიზაციის დასკვნითი ეტაპი არ არის ერთი რომელიმე ხელისუფლების მიღწევა და ბოლო 3-9 წლის მონაპოვარი.

ამასთან, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო თავისუფლად შეიძლება ნატო-სა და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს.

"უნდა გვესმოდეს, რომ ყველა თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას. ამიტომ, საქართველო უნდა იყოს მათთვის სასარგებლო ქვეყანა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.