ორივე გამგებელი თბილისის მერიის სისტემაში რჩება, - ამის შესახებ დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებს სასტუმრო „რუმსში“ განუცხადა. მან კომენტარი გააკეთა თბილისის მერიაში მოსალოდნელ გადაადგილებებთან დაკავშირებით.
დავით ნარმანიას თქმით, გამგებლებთან დაკავშირებით შიდა გადაადგილებაა და ორივე გამგებელი თბილისის მერიის სისტემაში რჩება.
„რაც შეეხება კონკრეტულ პოზიციებს, ამაზე განმარტებები მოგვიანებით გაკეთდება. კანდიდატები თბილისის საკრებულოში სამ დღეში იქნებიან წარდგენილი. მიმდინარეობს შესაბამის პროცედურები“, - განაცხადა ნარმანიამ.
ამასთან, დღესვე სასტუმრო „რუმსში“ კომენტარი გააკეთა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ გამგებლის ერთ-ერთი კანდიდატი უკვე შერჩეულია.
ლექვინაძემ არ დაასახელა რომელი გამგებლის კანდიდატურა შეირჩა და არის თუ არა ის ახალი კადრი მერიაში.
გავრცელებული ინფორმაციით, გლდანის ყოფილი გამგებელი ბესიკ ქარცივაძე სავარაუდოდ მერის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს. ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში ბესიკ ქარცივაძე აცხადებს, რომ მერიიდან რამდენიმე შეთავაზება აქვს, თუმცა ამ დროისთვის არ აკონკრეტებს რა თანამდებობებზეა საუბარი. მისი თქმით, იქამდე ვიდრე მერი თავად არ გააკეთებს განცხადებას, შეთავაზებებზე საუბარი მისი მხრიდან უხერხულია.
როგორც მერიაში აღნიშნავენ, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი თუ რა თანამდებობას დაიკავებს ქარცივაძე.
გლდანის გამგებელმა ბესიქ ქარცივაძემ და სამგორის გამგებელმა მამუკა ჩოქურმა თანამდებობები რამდენიმე დღის წინ დატოვეს.