გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. აქცია ”ერთიანი კომუნისტური პარტიის” და პარტია ”ნეიტრალური საქართველოს” ორგანიზებით მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები წითელი დროშებით, საბჭოთა სიმბოლიკით და სტალინის სურათებით მივიდნენ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მოხდეს სტალინის ძეგლის დაბრუნება და რუსეთთან სტაბილური ურთიერთობა აღდგეს.
აქციაზე რამდენიმე დაპირისპირება მოხდა ჟურნალისტებსა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის. მედიის წარმომადგენლებს აქციაზე შეკრებილები ადანაშაულებენ, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებები სტალინზე საუბარს საკმარის დროს არ უთმობენ.
დღესვე ორგანიზაცია ”სტალინელის” ხელმძღვანელმა გრიშა ონიანმა შეკრებილ საზოგადოებას ახალი ინიციატივა წარუდგინა. გრიშა ონიანის განცხადებით, გორის რაიონში, საპარლამენტო არჩევნებში ”ერთიანი კომუნისტური პარტია” ვალერი კვარაცხელიას კანდიდატურას წარადგენს მაჟორიტარ დეპუტატად.
გორში მიმდინარე აქციას ვალერი კვარაცხელიაც შეუერთდა და განაცხადა, რომ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, თუმცა, სავარაუდოდ ”ერთიანი კომუნისტური პარტიის” და ორგანიზაცია ”სტალინელის” შეთავაზებას მიიღებს.
ვალერი კვარაცხელიას განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებზე მისი კანდიდატურა უალტერნატივო იქნება და აუცილებლად გაიმარჯვებს.
„როგორ გგონიათ, ჩემს გარდა ვინ შეიძლება გაიმარჯვოს? არავინ. დამისახელეთ ერთი კანდიდატურა ვინც საპარლამენტო არჩევნებში ვალერი კვარაცხელიას მოუგებს გორში“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ვალერი კვარაცხელიამ.
გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან მცირეწლოვანი ბავშვები წითელი ყელსახვევებით და დროშებით ხელში, რომელზეც საბჭოთა სიმბოლიკაა გამოსახული.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ერთიანი კომუნისტური პარტიის გორის ორგანიზაციის ლიდერი ალეკო ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ არავის არ უნდა გაუკვირდეს მცირეწლოვანი მოზარდების წითელი ყელსახვევებით გამოჩენა. მისივე განცხადებით, მოზარდებს საკმაოდ კარგად აქვთ გაცნობიერებული კომუნისტური პარტიის და ამ აქციის მწრამსი და შესაბამისად, ისინი არიან პიონერერთა რიგებში გაწევრიანებული ახალგაზრდები და მათ იციან რას ნიშნავს წითელი ყელსახვევი.
”ინტერპრესნიუსთან” საუბარში 10 წლის გოგონამ განაცხადა რომ თბილისში რამდენიმე თვის წინ მიიღეს პიონერთა რიგებში და შესაბამისად, ატარებს წითელ ყელსახვევს.