დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი აცხადებს, რომ ევროპაში მშვიდობა შესაძლოა, რისკის ქვეშ დადგეს, თუ ბრიტანეთის მოსახლეობა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭერს მხარს.
ბრიტანული მედიის ცნობით, ქემერონი აცხადებს, რომ ბრიტანეთს ძვირი დაუჯდება თუ იგი ევროკავშირს ზურგს აქცევს. „თუ ჩვენ ევროპას ზურგს ვაქცევთ, ადრე თუ გვიან, ამას ვინანებთ. ჩვენ ვამაყობთ მსოფლიო დონეზე ჩვენი გავლენით და კავშირებით, ბრიტანეთი ყოველთვის იყო ევროპული ქვეყანა და ყოველთვის ასე იქნება“, - განაცხადა ქემერონმა.
მისივე თქმით, ბოსნიის ომმა, რომლის დასრულებიდან ორი ათწლეული გავიდა, ევროპის კონტინენტს ჩრდილი მიაყენა. ქემერონის განცხადებით, ამ მხრივ კიდევ უფრო ახალი მსგავსი მაგალითია, რუსეთის ომი საქართველოსა და უკრაინასთან. „სიმართლე ის არის, რომ რაც ჩვენს სამეზობლოში ხდება, ეს ბრიტანეთზეც აისახება“, - აღნიშნა მან.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში ევროკავშირიდან შესაძლო გასვლის საკითხზე რეფერენდუმი 23 ივნისს გაიმართება.