"ბოტანიკურ ბაღში კეთდება საზოგადოებრივი სივრცე, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება"

თბილისის საკრებულოს წევრ ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, თბილისში საზოგადოებრივი ცენტრი ბევრი არ არის, აქედან გამომდინარე, ბოტანიკური ბაღის ნაწილის საზოგადოებრივი სივრცედ გადაკეთება, მისასალმებელია.

აღნიშნული განცხადება ბექა ნაცვლიშვილმა დღეს, თბილისის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა, სადაც მსჯელობა ბოტანიკური ბაღის ნაწილის გასხვისებასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა.

მისი თქმით, 25 წლის განმავლობაში, თბილისში, არც ერთი ხელისუფლების მიერ, საკუთარი რესურსებით არ შექმნილა ახალი საზოგადოებრივი სივრცე.

"ჩემი აზრით, დისკუსია არასწორი მიმართულებით წავიდა, რადგანაც, როდესაც შეფასებით ნაწილამდე მივედით და წონადობა უნდა განგვესაზღვრა - უარყოფითი და დადებითი ამ პროექტისა. ზუსტად აქ შევცდით და არასწორად წავიყვანეთ დისკუსია, რადგანაც აქ მთავარია, რომ კეთდება საზოგადოებრივი სივრცე, რაც ნიშნავს, რომ ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, რადგანაც ქალაქს რომ გადავხედოთ, თბილისს საზოგადოებრივი სივრცეების ნაკლებობა აქვს. 25 წლის განმავლობაში, ვერც ერთმა ხელისუფლებამ თავისი რესურსებით ვერ შეძლო შეექმნა საზოგადოებრივი სივრცეები, თუ გინდათ კუს ტბა ავიღოთ, ლისის ტბა, ან მთაწმინდის პარკი - აბსოლუტურად ყველა საზოგადოებრივი სივრცე არის დამოუკიდებლობის ეპოქამდე შექმნილი, და შემდეგ პრივატიზებული ან სხვა ფორმით განკარგული. აქედან გამომდინარე, მისასალმებალია და ყველა უნდა ვიყოთ გახარებული, ამ შემთხვავაში "თბილსერვის ჯგუფა" თუ ნებისმიერი ინვესტოორი, ვინც იქნებოდა, აქ ქმნის ახალ საზოგადოებრივ სივრცეს და ჩვენ გვექნება საშუალება დავიკმაყოფილოთ ჩვენი რეკრეაციული სურვილები",- აღნიშნა ნაცვლიშვილმა.