გიორგი ვაშაძე - ახალ მოძრაობაში ბევრი ახალგაზრდა ჩაერთო

გიორგი ვაშაძე - ახალ მოძრაობაში ბევრი ახალგაზრდა ჩაერთო "ნაციონალური მოძრაობიდან"

არჩევნებში მონაწილეობას, ალბათ, დამოუკიდებლად მივიღებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა, რომელიც დღეს ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნასთან დაკავშირებით თანამოაზრეებს შეხვდა.
შეხვედრა ”ინოვაციებისა და განვითარების ფონდის” ოფისში გაიმართა.

”ძალიან ბევრი ადამიანი გამოგვეხმაურა და ახლა ვიწყებთ ახალი პოლიტიკური მოძრაობის ფორმირებას. ყველას შეუძლია შემოგვიერთდეს. მთავარი პრინციპი არის, რომ ჩვენ გვჭირდება სრულიად განახლება, ახალი თაობა პოლიტიკაში. ახალი თაობა პოლიტიკაში ნიშნავს ყველა თაობის ადამიანს, ოღონდ ახალს”, - განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება იმას, აპირებენ თუ არა ”ნაციონალური მოძრაობის” სხვა წევრებიც შეუერთდნენ ვაშაძის გუნდს, დეპუტატი აცხადებს, რომ ახალ მოძრაობაში ბევრი ახალგაზრდა ჩაერთო ”ნაციონალური მოძრაობიდან”, ხოლო რაც შეეხება ლიდერებს, ვაშაძის თქმით, ეს მათი გადასაწყვეტია, რადგან თვითონ ფარულ მოლაპარაკებებს არავისთან აწარმოებს.

კითხვაზე, აპირებს თუ არა სხვა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობას, მათ შორის, პაატა ბურჭულაძესთან, ვაშაძე პასუხობს, რომ ამაზე არ უფიქრია.

”ჩვენ ახლა ვაყალიბებთ ახალ პოლიტიკურ მოძრაობას. დღეს ჩვენს განრიგში არ შედის სხვა პოლიტიკურ მოძრაობებთან მოლაპარაკებების წარმოება. ჯერ ჩვენ ჩამოვყალიბდეთ როგორც პოლიტიკური მოძრაობა და მომავალი ყველაფერს გვიჩვენებს. ჩემი აზრით, ალბათ, დამოუკიდებლად მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. ალბათ იმიტომ, რომ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ეს არის იმ დამფუძნებლების გადასაწყვეტი, ვისთანაც ამ ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ჩამოვაყალიბებთ”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.