მთელი მერია ერთი ახირებული ადამიანის კაპრიზებსა და ინტერესებს ემსახურება, - აღნიშნული განცხადებით დეპუტატი ნუგზარ წიკლაური თბილისის ბოტანიკური ბაღის გარშემო მიმდინარე პროცესებს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა.
წიკლაურის განცხადებით, თბილისის ბოტანიკური ბაღი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის შექმნაზე თაობები მუშაობდნენ.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ”ახლა ბიძინა ივანიშვილმა ბაღი არათუ გაითავისა, არამედ მიითვისა, ისევე როგორც გაითავისა და ააფეთქა საყდრისი”.
”სოლოლაკის ბაღს ძალიან დიდი ისტორია აქვს, მისი ისტორია ითვლის თითქმის ოთხ საუკუნეს - სხვადასხვა დროს ამ ბაღს ერქვა სეიდაბადის ბაღი, სამეფო ბაღი, ცოდნის წყარო. მრავალი მეცნიერი, რომელიც საქართველოში ჩამოდიოდა, ამ ბაღით ინტერესდებოდა. ამ მეცნიერთა რიგში იყვნენ ფრანგი ჟან შარდენი, ტურ რეფონი, რომელიც პარიზის აკადემიის წევრი იყო. მან მე-17 საუკუნის ბოლოს მოინახულა საქართველო. ეს არის ისტორიული ბაღი ლეღვთახევში, წავკისის წყალზე. იყო პერიოდი, როცა მთელი მსოფლიოდან მცენარეები მოჰქონდათ აქ, თბილისში, რათა შემდგომ მთელს ამიერკავკასიაში გავრცელებულიყო”, - განაცხადა წიკლაურმა.
დეპუტატის განმარტებით, ბოტანიკური ბაღის ოთხი ჰექტარი თბილისის მერიამ მალულად ბიძინა ივანიშვილს გადასცა, ასევე ”საუბარია 29 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც ივანიშვილმა უნდა მიისაკუთროს”. წიკლაურის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიას ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი ”ერთი ხელის მოსმით მოუხსნეს”.
”მთელი მერია არის დაწყობილი იმისთვის, რომ გააყალბოს დოკუმენტები და მოახერხოს ისე, რომ ის, რაც საქართველოს ეკუთვნის, ერთი ხელის მოსმით, ერთ ადამიანს გადაეცეს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სამარცხვინო ნაბიჯი, რომელიც შეიძლება ხელისუფლებამ გადადგას”, - აღნიშნა წიკლაურმა.
წიკლაურმა ბოტანიკური ბაღის იმ საზღვრებში აღდგენა მოითხოვა, რომლის ფარგლებშიც ის საუკუნეების განმავლობაში არსებობდა. მან ასევე ხელისუფლების მისამართით განაცხადა, რომ ისტორიული წყაროების მიხედვით, ბაღი აღა-მაჰმად ხანმა გაანადგურა და მოუწოდა, ნუ ჩაიდენენ დანაშაულს ქართული კულტურის წინაშე.