გია ვოლსკი:  ლენინელები და სტალინელები ჩვენთან არ მეგულება

გია ვოლსკი: ლენინელები და სტალინელები ჩვენთან არ მეგულება

ევროპარლამენტარები ლენინურ და სტალინურ დეზინფორმატორებს არ უნდა აყვნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკიმ განუცხადა, რითაც პარლამენტის სპიკერის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, უშუალოდ მათ გუნდში ლენინელები და სტალინელები არ ეგულება.

”ზოგი ”ნორჩებს” გვიწოდებს, ზოგი ”ხანშიშესულებს”. არ ვიცი - ლენინელები და სტალინელები ჩვენთან არ მეგულება. გეოპოლიტიკური მდგომარეობა საქართველოსთვის არის საგანგებო მნიშვნელობის, სატრანზიტო და საპორტო სისტემების განვითარებისთვის და ა.შ თუმცა მეორე მხრივ, რასაკვირველია, ნეგატიური ყურადღებაც ამ მიმართულებით გაცილებით მეტია. ე.წ. რბილი ძალა გააქტიურდა, საგანგებო მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ევროპარლამენტარები იყვნენ მობილიზებულნი, ღრმად ჩაიხედონ პროცესებში და მართლაც ლენინურ-სტალინური თვისებების მქონე დეზინფორმატორებს არ აყვნენ. გეოპოლიტიკური მნიშვნელობის კონტურები უკვე გამოიკვეთა და ახლა საგანგებო ბრძოლის პერიოდში ვართ,“ -განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში სამ ”მცირე პრობლემას” ხედავს. როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს ბრიუსელში გუშინ განუცხადა, სამიდან ერთ-ერთი ”ქართული ოცნების” არც თუ ნორჩ ლენინელსა თუ სტალინელს” უკავშირდება, რომელთა ზოგიერთი განცხადება ბრიუსელში ხვდებათ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება.