გიორგი კვირიკაშვილი სენატორებს ბობ კორკერს და ბენ კარდინს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი სენატორებს ბობ კორკერს და ბენ კარდინს შეხვდა

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ბობ კორკერს და სენატორ ბენ კარდინს შეხვდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს. შეხვედრაზე ითქვა, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რაც წარმატებული თანამშრომლობით არის გამყარებული. გამოითქვა ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი.

სენატორების თქმით, საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. აღინიშნა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა. 

გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.