ევროპაში არსებულმა პრობლემებმა - იქნება ეს ტერორიზმი, მიგრანტთა კრიზისი თუ სხვა, საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არ უნდა დააყოვნოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.
დავით უსუფაშვილის განმარტებით, ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან შეხვედრაზე, რომელიც ბრიუსელში დღეს გაიმართა, სწორედ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრებს.
”ბატონ შულცთან მე მექნება საუბარი იმაზე, რომ სხვა ძალიან მნიშვნელოვანმა საკითხებმა, იქნება ეს ტერორიზმი, მიგრანტთა კრიზისი თუ ევროპაში არსებული სხვა თემები, არ დააყოვნოს საქართველოს მიმართ გადაწყვეტილება... ამას ემატება ისიც, რომ ზოგიერთი კონკრეტული პირი შიდაპოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტას ცდილობს ევროპაში არც თუ მთლად ქვეყნის ინტერესების ხარჯზე და ამის თაობაზეც, რა თქმა უნდა, მასთან მექნება საუბარი. რაც შეეხება მესამე მცირე პრობლემას - ინდივიდების გამონათქვამებს პარტია ”ქართული ოცნებიდან”, ბატონმა შულცმა იცის პრემიერისგან და მეც დავუდასტურებ, რომ ეს არის ინდივიდების გამონათქვამი და პარტია ”ქართულ ოცნებას” დასახული აქვს მიზნად სერიოზული რეფორმირება”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცის გარდა დღეს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინის, ბელგიის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ ზიგფრიდ ბრაკეს და ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ალიანსის პრეზიდენტ ჯანი პიტელასაც შეხვდება.
ბელგიაში დავით უსუფაშვილის ვიზიტი გუშინ დაიწყო. ვიზიტის პირველ დღეს დავით უსუფაშვილმა შეხვედრა ევროპარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკსა და ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის პრეზიდენტ გი ვერჰოვშტოდთან გამართა.