თბილისის მერიასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ამ დროისთვის მერიასთან საპატრულო პოლიციის რამდენიმე ათეული თანამშრომელია შეკრებილი. მათ შენობის შესასვლელთან კორიდორი აქვთ გაკეთებული. ისინი იმყოფებიან მერიის მიმდებარე ტერიტორიაზეც.
როგორც ცნობილია, მერიასთან დილიდან ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები ისევ აპირებენ შეკრებას. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, დავით ნარმანიას და მის მოადგილეებს მერიის შენობაში შესვლის და მუშაობის საშუალებას არ მისცემენ.
”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა მხარდამჭერებთან ერთად მერიასთან აქცია გუშინ საღამოსაც გამართეს. ისინი ბოტანიკური ბაღის საზღვრების კორექციას აპროტესტებენ. კერძოდ, მათი მტკიცებით, ბაღს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 4 ჰექტარი ”წაართვა”.