დავით უსუფაშვილი - ევროპარლამენტის პრეზიდენტთან მექნება საუბარი, რომ სხვადასხვა თემებმა საქართველოს მიმართ გადაწყვეტილების მიღება არ დააყოვნოს

დავით უსუფაშვილი - ევროპარლამენტის პრეზიდენტთან მექნება საუბარი, რომ სხვადასხვა თემებმა საქართველოს მიმართ გადაწყვეტილების მიღება არ დააყოვნოს

ევროპარლამენტის პრეზიდენტთან მექნება საუბარი, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვანმა თემებმა საქართველოს მიმართ გადაწყვეტილების მიღება არ დააყოვნოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიუსელში, ევროპის პარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრამდე წინ განაცხადა.

დავით უსუფაშვილის თქმით, იგი მარტინ შულცთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირებს პოზიციას, რომ ”პარტია ქართული ოცნების” რამდენიმე წევრის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები ინდივიდუალურია და არა მმართველი პოლიტიკური ძალის პოზიცია.

”ევროპის პარლამენტის პრეზიდენტ ბატონ შულცთან მე მექნება საუბარი იმაზე, რაზეც ასოცირების კომიტეტი მუშაობდა. მეორე საკითხი იქნება, რომ სხვა მნიშვნელოვანმა თემებმა, იქნება ეს ტერორიზმი, მიგრანტთა კრიზისი თუ სხვა თემები, არ დააყოვნოს საქართველოს მიმართ გადაწყვეტილების მიღება და დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებ მისგან ამ დაპირებას. აგრეთვე ის, რომ კონკრეტული პირები შიდაპოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტას ცდილობენ ევროპაში არცთუ მთლად ქვეყნის ინტერესების ხარჯზე, ამის თაობაზე მე მასთან მექნება საუბარი, დარწმუნებული ვარ ის იქნება იმ პოზიციით, რომელიც მას აქვს და ეს პოზიცია კიდევ უფრო გამყარდება. რაც შეეხება მესამე მცირე პრობლემას, იმ ინდივიდების გამონათქვამებს პარტია ”ქართული ოცნებიდან”, მან იცის პრემიერისგან, რომ ეს არის ინდივიდების გამონათქვამები და პარტია ”ქართულ ოცნებას” დასახული აქვს მიზნად სერიოზული რეფორმირება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეფორმა იქნება ყველაზე უკეთესი პასუხი ყველასთვის, თუ რეალურად რა პოლიტიკას ატარებს ქვეყანაში მმართველი პოლიტიკური პარტია”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.