ძალიან ბევრი ხრიკი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებდა, კარგად აიღო ”შეიარაღებაში” „ქართულმა ოცნებამ“

ძალიან ბევრი ხრიკი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებდა, კარგად აიღო ”შეიარაღებაში” „ქართულმა ოცნებამ“

ძალიან ბევრი ხერხი და ხრიკი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებდა, კარგად აიღო ”შეიარაღებაში” „ქართულმა ოცნებამ“, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა , ირაკლი ჩიქოვანმა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ოფისში პოლიტიკური პარტიების წარმომდგენლებისა და საიას თავმჯდომარის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო სექტორს ჰქონდეს კონკრეტული მეთოდოლოგია ჩამოყალიბებული, რომ შემდეგ ადეკვატურად და სწრაფად მოხდეს რეაგირება იმ შესაძლო დარღვევებზე, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შესაძლოა მოხდეს.

„იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება და რასაც ვხედავთ, პრაქტიკულად ძალიან ბევრი ხრიკი, რომელიც თავის დროზე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გამოყენებული, კარგად აიღო ”შეიარაღებაში” „ქართულმა ოცნებამ“. ჩვენ კვლავაც ველით იმას, რომ ადმინისტრაციული რესურსი იქნება გამოყენებული, სამართალდამცველების მხრიდან იქნება თვალთვალი და დაკვირვებები, რაც მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის საარჩევნო კამპანიის ჩატარებისას, ამიტომ ვთვლით, რომ არასამთავრობო სექტორს უნდა გააჩნდეს მაქსიმალურად მოქნილი სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავუთმოთ ყურადღება რეგიონებში არსებულ სიტუაციას“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, რეგიონებში არანაკლები ბრძოლა იქნება და არჩევნები მხოლოდ თბილისში არ არის. დეპუტატის თქმით, რეგიონებშიც იქნება არანაკლები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რაც დედაქალაქში მოხდება, ამიტომ ყველას მაქსიმალური ყურადღება სჭირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.