სურსათის ეროვნულ სააგენტოში „სამოქალაქო დარბაზის“ მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე არსებული ვითარება, ის პრობლემები და გამოწვევები, რომელთა გადაჭრა ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა ისაუბრა არასამთავრობო სექტორთან და მედიასთან კომუნიკაციის მნიშვნელობაზე.
„სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სისტემის სრულყოფისა და სააგენტოს ეფექტიანი საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა, მედიისა და არასამთავრობო სექტორის აქტიურობა. სააგენტო მზად არის, ითანამშრომლოს ყველასთან, ვისთვისაც პრიორიტეტულია ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მოსახლეობის სათანადო ინფორმირებით დაიძლევა ყველა ის საფრთხე, რაც შესაძლოა, არსებობდეს საქართველოს ბაზარზე,“ - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა „სამოქალაქო დარბაზის“ წევრებს მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შედეგები და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს. ევროკავშირის ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) პროექტის მენეჯერმა ისაუბრა სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროგრამებზე, რომლებიც „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) შეთანხმებით არის გათვალისწინებული.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო - „სამოქალაქო დარბაზი“ 2013 წლის დეკემბერში შეიქმნა. „სამოქალაქო დარბაზში“ გაერთიანებული არიან მეცნიერები, ექსპერტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
„სამოქალაქო დარბაზი“ მიმდინარე წელს მეორედ შეიკრიბა.