ე.წ. საგარეო უწყება მონტენეგროში აფხაზებისთვის გამოფენაში მონაწილეობის აკრძალვაზე პროტესტს გამოთქვამს

ე.წ. საგარეო უწყება მონტენეგროში აფხაზებისთვის გამოფენაში მონაწილეობის აკრძალვაზე პროტესტს გამოთქვამს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება პროტესტს გამოთქვამს იმის გამო, რომ მონტენეგროში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით, აფხაზებს გამოფენაში მონაწილეობა აუკრძალეს. 

საერთაშორისო ტურისტული გამოფენა 21-23 აპრილს ქალაქ ბუდვაში მიმდინარეობდა და იქ წარმოდგენილი იყო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამეწარმეო პალატის სტენდი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ, მონტენეგროს პოლიციამ აფხაზური სტენდი დახურა. 

„უკვე მერამდენედ, საქართველო ცდილობს გამოიყენოს ზემოქმედების ნებისმიერი მეთოდები აფხაზეთის ძალისხმევაზე საპასუხოდ, რომელიც მიმართულია გარე სამყაროსთან კონტაქტების დამყარებაზე. გაუგებარია მონტენეგროს ხელისუფლების პოზიცია, რომელმაც ჯერ აფხაზეთის სავაჭრო-სამეწარმეო პალატას მონაწილეობის ნებართვა მისცა, შემდეგ კი, ქართული მხარის მოთხოვნით, უხეში ფორმით მოითხოვა აფხაზური დელეგაციისგან გამოფენის დატოვება“, - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაში.

ე.წ. უწყების თანახმად, საქართველოს „პროვოკაციული ქმედებები რეაგირების გარეშე არ დარჩება“ და გავლენას მოახდენს ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობის პროცესის განახლებაზე.
გარდა ამისა, ე.წ. უწყება მონტენეგროს „სამართლებრივი რეაგირებით“ დაემუქრა.