ნინო ლომჯარია პრეზიდენტს ურჩევს, არჩევნების თარიღის გამოცხადების დადგენილების გამოცემის გადაწყვეტილება კონსულტაციების შედეგად მიიღოს

ნინო ლომჯარია პრეზიდენტს ურჩევს, არჩევნების თარიღის გამოცხადების დადგენილების გამოცემის გადაწყვეტილება კონსულტაციების შედეგად მიიღოს

"სამართლიანი არჩევნების" იურიდიული კონსულტანტი ნინო ლომჯარია პრეზიდენტს ურჩევს, არჩევნების თარიღის გამოცხადების დადგენილების გამოცემის გადაწყვეტილება კონსულტაციების შედეგად მიიღოს.

ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ლომჯარიამ არჩევნების თარიღის დანიშვნისა და წინასაარჩევნო კამპანიის გამოცხადების ირგვლივ არსებული გაუგებრობის კომენტირებისას განუცხადა. 

”ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაზე გონივრული იქნება თუ ამ პერიოდს პრეზიდენტი და მთავრობა გამოიყენებს კონსულტაციისთვის საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან, პირველ რიგში საარჩევნო ადმინისტრაციასთან, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პარტიებთან, სადამკვირვებლო მისიის მქონე ორგანიზაციებთან, იმასთან დაკავშირებით, თუ როდის არის ყველაზე მიზანშეწონილი და სასარგებლო ქვეყნისა და წინასაარჩევნო გარემოსთვის, თუ როდიდან დაიწყოს წინასაარჩევნო კამპანია. ბევრი ასპექტი უნდა გავითვალისწინოთ, მათ შორის ის, თუ რამდენად დგას საჭიროება იმისა, რომ შემოღებულ იქნას განსაკუთრებული რეჟიმი, რამდენად არის აუცილებელი და როდიდან უნდა გადავიდეს ქვეყანა წინასაარჩევნო რეჟიმში, როდიდან დგება აუცილებლობა, რომ გავწიოთ ის წინასაარჩევნო ხარჯები, რაც უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდს და რამდენად პროპორციული იქნება ეს ხარჯები საარჩევნო მიზნებთან”, - განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, სწორედ აქედან გამომდინარე ყველაზე გონივრული იქნება ეს გადაწყვეტილება კონსულტაციების და გარკვეული დასკვნების გამოტანის შემდეგ იქნას მიღებული. 

ლომჯარია მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდისთვის ორი თვე საკმარისი არ არის, თუმცა, ამაზე პრეზიდენტი და მთავრობა პარტიებს უნდა ესაუბროს და მათი საჭიროებებიდან გამომდინარე იქნას მიღებული გადაწყვეტილება.

კითხვაზე, თავის დროზე რატომ მოხდა არჩევნების თარიღის გამოცხადება, ლომჯარიამ აღნიშნა, რომ ”ეს ალბათ სამართლებრივი გაუგებრობა იყო”.
”თარიღის გამოცხადებას კეთილშობილური მიზანი ჰქონდა, რადგან ექვსი თვით ადრე გვცოდნოდა ზუსტი თარიღი, თუმცა, ჩემი აზრით, გათვლილი არ ყოფილა სათანადოდ რა სამართლებრივი შედეგები მოყვებოდა არჩევნების თარიღის გამოცხადებას. ეს არ იყო გათვალისწინებული ან შეთანხმებული და აქედან გამომდინარე მივედით სამართლებრივ გაუგებრობამდე”, - აღნიშნა ლომჯარიამ. 

8 ოქტომბერს არჩევნების თარიღის დასახელებას პოლიტიკური სპექტრის და არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. მათი განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანია გახსნილად ითვლება არჩევნების თარიღის გამოცხადებისთანავე, ხოლო პრეზიდენტის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარითად 8 აგვისტოს დასახელება გაუგებარია, მაშინ როცა არჩევნების თარიღი უკვე ცნობილია. პრემიერმა გიორგი მარგველაშვილს მიმართა და არჩევნების თარიღის ივლისში გამოცხადება სთხოვა, თუმცა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დადგენილებას მაისში გამოსცემს.