ევროპის რვაგზის ჩემპიონი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები თბილისში დაბრუნდა

ევროპის რვაგზის ჩემპიონი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები თბილისში დაბრუნდა

ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორი საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები რუსეთის ქალაქ ყაზანიდან თბილისში დაბრუნდა. 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, გუნდური ჩემპიონატის ფინალში კი რუსეთის ნაკრები 3:2 დაამარცხეს და კონტინენტის ჩემპიონები მერვედ გახდნენ. ევროპის ჩემპიონებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრებთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დახვდა და წარმატება მიულოცა.

ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა მასპინძელი რუსეთის ნაკრები 3:2 დაამარცხეს. ფინალურ დაპირისპირებაში გამარჯვებები ნუგზარ ტატალაშვილმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა მოიპოვეს.

ფინალურ შეხვედრამდე, საქართველოს ნაკრების წევრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატის 1/8 ფინალში უნგრეთი 5:0, 1/4 ფინალში საბერძნეთი 4:1, ხოლო 1/2 ფინალში პოლონეთის ნაკრები 4:1 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონობა მერვედ მოიპოვა. ინდივიდუალურ ჩათვლაში კი ნაკრების წევრებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი აიღეს. ევროპის ჩემპიონები ვაჟა მარგველაშვილი (-66) და ვარლამ ლიპარტელიანი (-90) გახდნენ.

საქართველოს ვაჟთა ნაკრებში იყვნენ: -60კგ - ამირან პაპინაშვილი; -66კგ - ვაჟა მარგველაშვილი; -73კგ - ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი; -81კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი; -90კგ - ვარლამ ლიპარტელიანი; -100კგ - ბექა ღვინიაშვილი; +100კგ - ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი.

საქართველოს ქალთა ნაკრებში: -48კგ - ოლგა ალადოშვილი; -52კგ - მარიამ ჯანაშვილი; -57კგ - სალომე აბაშიძე; -70კგ - ესტერ სტამი.