მარია გაბრიელი - მხარს ვუჭერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას

მარია გაბრიელი - მხარს ვუჭერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას

მომხსენებელმა მარია გაბრიელმა, რომელმაც გუშინ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოხსენება წარადგინა, თავისი გამოსვლა იმით დაიწყო, რომ კომიტეტის დარბაზში მყოფ ქართულ დელეგაციას მიულოცა და ევროკომისიას მადლობა გადაუხადა.

მარია გაბრიელმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს საქართველოსთვის ვიზალიბერლიზაციის დაწესებას. მომხსენებელმა შეახსენა კომიტეტს, რომ ევროკავშირის მოქალაქეებს საქართველოში ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ. 

კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში შეტანილია საკანონმდებლო ინიციატივა ევროპარლამენტისა და საბჭოს N539/2001 რეგულაციაში ცვლილების თაობაზე, რომელიც საქართველოს რეგულაციის 1-ელი დანართიდან (ვიზის საჭიროების მქონე ქვეყნების ჩამონათვალი) მე-2 დანართში (უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების ჩამონათვალი) გადატანას ითვალისწინებს. საკომიტეტო მოსმენების შემდეგ საკითხი დასამტკიცებლად ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა. 

ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ბიომეტრული პასპორტი აქვთ, შესაძლებლობას მისცემს, შენგენის ზონაში, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის ზონის 4 კანდიდატ ქვეყანას, მოკლევადიანი ვიზიტები (90 დღე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში) უვიზოდ განახორციელონ.