თელავში, ერეკლე მეორის სახელობის აეროპორტი გაიხსნა

თელავში, ერეკლე მეორის სახელობის აეროპორტი გაიხსნა

თელავში, მეფე ერეკლე მეორის სახელობის აეროპორტი გაიხსნა. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი კახეთიდან იუწყება, აეროპორტს ერთდროულად 20 მცირე ზომის თვითმფრინავის მიღება შეუძლია.

აღნიშნული აეროპორტი ამ დრომდე მხოლოდ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტების სასწავლო ფრენებს ემსახურებოდა, თუმცა დღეიდან მცირე საავიაციო ტურების მოწყობა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. მსურველებს 6 ორკაციანი და 1 ექვსკაციანი თვითმფრინავი მოემსახურებათ.

როგორც საავიაციო უნივერსიტეტის რექტორმა, სერგო ტეფნაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, თელავის აეროდრომს დაინტერესების შემთხვევაში საერთაშორისო რეისების მიღებაც შეუძლია.

აეროპორტის გახსნას კახეთის გუბერნატორი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მედიის წარმომადგენლებისთვის განხორციელდა საჩვენებელი ფრენებიც.