"მიხეილ სააკაშვილი არასერიოზული ადამიანია, მთელმა მსოფლიომ იცის უკვე ეს ამბავი"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადებიდანაც ჩანს, რომ მისი მენტალიტეტი დამყარებულია ძალადობაზე.

ქუცნაშვილმა "პირwელთან" საუბარში განაცხადა, რომ ძალადობა და წართმევა არის მიხეილ სააკაშვილის მენტალური სახე.

"ამ ადამიანზე სერიოზულად მსჯელობა არ შეიძლება. უბრალოდ ის უკვე ხედავს, რომ უკრაინაში კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. მას უნდოდა რომ გამხდარიყო პრემიერ-მინისტრი, რაც ვერ მოახერხა. ლანძღავდა იმ კაცს, რომელიც აირჩიეს პრემიერად და ახლა მას ეფერება. ახლა კი ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნდება. საქართველოში დაბრუნებაზე მან მაშინ განაცხადა უარი, როდესაც უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და მოქალაქეობის ერთგულების ფიცი გაცვალა თანამდებობაზე",-განაცხადა ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება პირდაპირი გზავნილი იყო მისი გუდნის წევრებისათვის.

"მან თავის გუნდს გამოუზავნა მესიჯი - ბიჭებო, იცოდეთ, თანამდებობის გარეშე არ დავბრუნდები! ეს მესიჯი იყო უფრო მისი გუნდისკენ. ისიც დაუბარა გუნდს, რომ ასპარეზზე შემოიყვანონ ის ხალხი, რომელიც ამ დრომდე, გვერდით იდგა. გაიწიეთ გვერდზე და გოცირიძეები და ქადაგიძეები შემოუშვით პარლამენტში. ეს იყო და ეს",-აღნიშნა ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებში გაიმარჯვებს და ამის შემდეგ, ის საქართველოში დაბრუნდება.