ვარშავის სამიტზე მნიშვნელოვანი იქნება იმის აღიარება, რომ გაწევრიანების გზაზე საქართველოს აქვს საკმარისი ინსტრუმენტები, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ვარშავის სამიტზე საქართველოს მოლოდინების შესახებ საუბრისას გადაცემა ”პოლიტიკაში” განაცხადა.
”დღეს გამოქვეყნდა ნატოს გენერალური მდივნის, ბატონ ვერშბოუს ერთ-ერთი გამოსვლა. რადგან მან ისაუბრა ამაზე, ალაბათ მეც შემიძლია ვისაუბრო. ერთ-ერთი, რაზეც ჩვენ აქტიურად და ქმედითად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, ეს არის შავი ზღვის უსაფრთხოება და ამ უსაფრთხოებაში ჩვენს პარტნიორებთან საქართველოს სრულფასოვანი, ნატოს წევრის ტოლფასი და ეკვივალენტური თანამონაწილეობა. ერთი მიმართულება მაგალითად ეს არის. ეს სტატუსი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯი, რაც დღეს ჩვენ შეიძლება მივიღოთ და მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ეს არის თვისობრივი ზრდა უსაფრთხოების იმ მექანიზმებში, რომელზეც 2015 წლის დეკლარაციაში უკვე ჩაიწერა, რომ საქართველოს აქვს უკვე საკმარისი ინსტრუმენტები გაწევრიანების გზაზე”, -განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მინისტრის თქმით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ ვარშავის სამიტზე საქართველო ნატოს წევრი გახდება და განცხადება, რომელიც მან საქართველოს ნატოს წევრობასთან დაკავშირებით გააკეთა, კონტექსტიდან იყო ამოღებული.
”მე არ ველოიდები ნატოს წევრობას სამიტზე ვარშავაში. მე არ მინდა, რომ ვინმეს არასწორი მოლოდინი ჰქონდეს. მე არ მინდა, რომ ვინმეს იმედები გაუცრუვდეს. არ მინდა ხელი შევუწყო ჩემი განცხადებით, შეგნებულად თუ შეუგნებლად ნიჰილიზმის ზრდას ქვეყანაში. ჩვენ უნდა შევხედოთ სამყაროს რეალისტის თვალით. სამყარო არ ტრიალებს საქართველოს გარშემო და უამრავი გამოწვევის წინაშე დგას დღეს მსოფლიო, რომელიც, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ყველა გადაწყვეტილებაზე. აქ ძალიან მარტივი კონტექსტია, რასაც ყოველთვის ვამბობ, უბრალოდ გაყვითლდა ეს წინადადება, ანუ სათაურში ამოიტანეს კონტექსტის გარეშე და მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი, როდესაც ასე ექცევი საკუთარი ქვეყნის თავდაცვის საკითხებს,”-განაცხადა თინა ხიდაშელმა.