„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, IRI-ის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა, ხელისუფლების მთავარ პრობლემებად ეკონომიკას, კრიმინალსა და კორუფციას ასახელებს . ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სერგო რატიანმა განუცხადა, რომელსაც სხვა კოლეგებთან ერთად IRI-ის წარმომადგენლებმა დაახლოებით ერთი საათის წინ პოლიტიკური კვლევის შედეგები გააცნეს.
რატიანის ინფორმაციით, შეკითხვაზე, თუ რას მიიჩნევენ მოქალაქეები მათთვის მთავარ პრობლემებად, გამოკითხულები კვლავ უმუშევრობას ასახელებენ. „ხოლო კითხვას, ვისგან ელით პრობლემების მოგვარებას, აქ „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო მეტი ადამიანი ასახელებს. კერძოდ, ჩვენ გვაქვს 16 %, ხოლო „ქართულ ოცნებას“ – 15 %“, - აღნიშნა რატიანმა.
რაც შეეხება პარტიულ რეიტინგს, მისი განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ 20 %-იანი, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ 19 %-იანი რეიტინგი აქვს. „ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლების რეიტინგი ეცემა. მთავარი აქ არის სწორედ დინამიკა. დინამიკა აჩვენებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რეიტინგი ეზრდება,“ ქართულ ოცნებას“ კი აკლდება. ბუნებრივია, ჩვენ სამუშაო უფრო მეტი გვაქვს, მაგრამ რეალურად „ქართულ ოცნებას“ აღარ დარჩა ნდობის რესურსი, ის ამ კვლევის მიხედვით ამოწურულია“, - აღნიშნა დეპუტატმა.
აღნიშნული მაჩვენებლებიდან გამომდინარე, სერგო რატიანი ხელისუფლებას ურჩევს, სოციოლოგიურ კვლევის შედეგებს უნდობლობას ნუ გამოუცხადებს. „როდესაც ხელისუფლება, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა არ ენდობა მეცნიერებას და მეცნიერულ მეთოდებს, მას შეუძლია აირჩიოს სხვა არამეცნიერული მეთოდები - ყავაზე იმარჩიელოს ან ვარსკვლავებზე იმკითხაოს“, - განაცხადა რატიანმა.
IRI-მ დღეს პარტიებისთვის პოლიტიკური რეიტინგების გაცნობა დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა რეიტინგებს უკვე გაეცნენ „თავისუფალი დემოკრატები“.