ალიანსმა უნდა შეაფასოს შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს უფრო „მდგრადი სამხედრო ყოფნის“ შესაძლებლობა

ალიანსმა უნდა შეაფასოს შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს უფრო „მდგრადი სამხედრო ყოფნის“ შესაძლებლობა

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდრ ვერშბოუს ბულგარეთში გამოსვლის მთავარი თემა შავი ზღვის რეგიონი გახდა.

სოფიაში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ალექსანდრ ვერშბოუმ განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უნდა შეაფასოს შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს უფრო „მდგრადი სამხედრო ყოფნის“ შესაძლებლობა.

ალექსანდრ ვერშბოუს თქმით, ალიანსს სტრატეგიული საფრთხეები ერთდროულად ორი მიმართულებიდან შეექმნა. პირველი, ეს არის რუსეთის აგრესიული ქმედებები, რომელიც „საერთაშორისო სამართალსა და მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს, ყირიმის უკანონო ანექსიითა და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციის გზით“.

მეორე მხრივ, ნატო-სთვის საფრთხეა სამხრეთ საზღვრებზე არსებული ვითარება, ტერორიზმისა და უკონტროლო მიგრაციის სახით.

ალექსანდრ ვერშბოუს თქმით, ნატო სიმეტრიულად პასუხობს აღნიშნულ საფრთხეებს, რის დასტურიცაა უელსის სამიტზე მიღებული „მზადყოფნის სამოქმედო გეგმა“, რომელიც ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების სამჯერ გაზრდას ითვალისწინებს.

ვერშბოუს თქმით, მიმდინარე წლის თებერვალში ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრების გაძლიერების შესახებაც, რაც ნათელს ხდის, რომ „ნატო-ს საზღვრების გადაკვეთა ტანკებით თუ პატარა მწვანე კაცუნებით გამოსავალი არ არის და ნებისმიერ ასეთ ქმედებას დაუპირისპირდებიან ალიანსის წევრები მთელი ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან“.

ალექსანდრ ვერშბოუს განცხადებით, მის მიერ ჩამთვლილი საფრთხეები ვარშავის სამიტის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. ალიანსი მიიღებს გადაწყვეტილებას კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებისკენ მიმართულ შემდგომ ნაბიჯებზე.

ვერშბოუს თქმით, რუსეთის სტრატეგია შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის შავი ზღვის ფლოტილიის გაძლიერება და მოდერნიზება, ასევე ყირიმის ანექსია და სხვა ქმედებები, მიმართულია მოსკოვის მცდელობისკენ დაიმკვიდროს თავი, რაც ალიანსის ერთიანობასა და მთლიანობას უქმნის საფრთხეს.

ალექსანდრ ვერშბოუს განცხადებით, ამაზე საპასუხოდ ნატო-მ უკვე განახორციელა რიგი ზომა აღმოსავლეთ პარტნიორების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, მათ შორის გააქტიურა საზღვაო პატრულირება შავ ზღვაში.

გარდა ამისა, აშშ აპირებს ნატო-ს მოკავშირე ქვეყნებსა და პარტნიორებთან სწავლებებისა და წვრთნების რაოდენობის გაზრდას.

კომპლექსური მიდგომის ფარგლებში, ნატო განაგრძობს თანამშრომლობას უკრაინასა და საქართველოსთან.

„მე და ჩემი კოლეგები ნატო-ში კარგად ვართ ინფორმირებული უსაფრთხოების პრობლემებზე, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს აქვთ. ალიანსი მტკიცეა თავის მზადყოფნაში, მხარი დაუჭიროს ნატო-ს მოკავშირეებსა და პარტნიორებს და იმუშავოს გრძელვადიანი მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის რეგიონში“, - განაცხადა ალექსანდრ ვერშბოუმ.

მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გადაწყვეტილებებს ვარშავის სამიტზე მიიღებენ.