გია ცაგარეიშვილი:  ”ქართულ ოცნებას” ავიწყდება, რომ ხალხი განსაზღვრავს, რა უნდა აკეთოს მთავრობამ

გია ცაგარეიშვილი: ”ქართულ ოცნებას” ავიწყდება, რომ ხალხი განსაზღვრავს, რა უნდა აკეთოს მთავრობამ

მაჟორიტალურ-ფეოდალური სისტემა უნდა შევცვალოთ და დავიწყებას უნდა მივცეთ, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა გია ცაგარეიშვილმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კომენტირებისას განაცხადა, რომლის განხილვასაც პარლამენტმა დღეს დაიწყო.

დეპუტატმა ”ტრაგიკომედია” უწოდა იმას, მმართველი გუნდის მიერ მომზადებული პროექტით, ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მხოლოდ 2020 წლიდან იქნება შესაძლებელი და როგორც აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ივიწყებს, რომ ხალხი განსაზღვრავს ხელისუფლების რაობას.

„სამწუხაროა, რომ უმრავლესობა იწყებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას და ავიწყდება ის ცვლილებების პროექტი, რომელიც ჩვენ სამი თვის წინ შემოვიტანეთ და რომელსაც დაახლოებით 250 000 მოქალაქის ხელმოწერა აქვს. სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის ძალიან დიდი მხარდაჭერით არის მოსული ხელისუფლებაში. „ქართული ოცნება“ ივიწყებს, რომ ხალხი განსაზღვრავს ხელისუფლების რაობას და იმას, თუ რა უნდა აკეთოს მთავრობამ მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი მიეცა დავიწყებას და „ქართული ოცნება“ წარადგენს იმ პროექტს, რომელშიც მითითებულია, რომ რეგიონულ-პროპორციული წესი უნდა ამოქმედდეს 2020 წელს. ვერავინ ვერ გვიხსნის, რატომ არ შეიძლება ახლავე ამოქმედდეს ის, რაც კარგი იქნება 2020 წელს“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

აღნიშნულის მიუხედავად, მისი თქმით, პროექტს „თავისუფალი დემოკრატები“ მხარს დაუჭერს.

„ჩვენ გვინდა, რომ მაჟორიტარულ-ფეოდალური წესი მიეცეს დავიწყებას და გადავიდეთ არჩევნების ახალ სისემაზე, რომელიც ბევრად უფრო დემოკრატიულია და შეესაბამება ჩვენი ქვეყნის მომავალს. ტრაგიკომედია, რომელიც აქ უნდა გათამაშდეს და რომლითაც ეს ყველაფერი გადაიდება 2020 წლამდე, ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.