პარლამენტი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს.
ცვლილებების ინიციატორი უმრავლესობის 81 წევრია. აღნიშნული პროექტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასა და მრავალმანდანტიანი პროპორციული სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს. ამავე საკონსტიტუციო ცვლილებებით დაგეგმილია საარჩევნო ბარიერის 5%-დან 4%-მდე შემცირება.
უმრავლესობის პროექტით ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის იგეგმება.
კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის ინიცირებაც ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში მოხდა, დღეს იურიდულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, პარლამენტის წევრთა ნაწილი არა თუ ახლა, არამედ საერთოდ - მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არ უჭერს.
“პარლამენტის წევრთა ამ ნაწილის ნაწილმა მხარი დაუჭირა იმას, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების ინიციატივა 2016 წლის შემდგომ ამოქმედდეს, მაგრამ მხარს არ უჭერენ იმას, რომ ეს ცვლილებება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამოქმედდეს. მოგეხსენებათ, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ხმების ¾ ანუ სულ მცირე 113 ხმა სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტის წევრთა დიდი ნაწილის შეთანხმება სჭირდება, რაც ძალიან რთულია“, - აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.