სოციოლოგ ვალერიან გორგილაძის განაცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის გამოსვლაში იყო ორი ციტატა, რომელიც ისტორიაში შესვლის ღირსია.
გორგილაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსივლდან კვირიკაშვილის ორი ციტატა დაასახელა - "საქართველო ნაწილობრივ ოკუპირებულია, მაგრამ მთლიანად არის ევროპაში"; "საქართველო ვერ გათავისუფლდება, თუ გაჭირვებული იქნება".
"ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამოსვლის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს ევროპულ არჩევანს ეხებოდა - ჩვენ ბევრი რამ გავიღეთ და გავაკეთეთ ამისთვის და ველოდებით სამართლიან გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით”,- განაცხადა გორგილაძემ გადაცემა 2030-ში.
სოციოლოგის თქმით, პრემიერის გამოსვლაში კონფრონტაციის სურვილი არ ჩანდა, მეტიც, კონსტრუქციული თანამშრომლობის მზაობას პრემიერი ყველაზე მეტად ამჟღავნებს.
"ის, რომ ხელისუფლება მოქალაქეებს ჯიბეში ხელს უყოფდა, აპატიმრებდა, აშანტაჟებდა; ის, რომ საქართველო პატიმრების რაოდენობით პირველ ადგილს იკავებდა, ფაქტების კონსტატაციაა და არა - კონფრონტაცია”, - აღნიშნა ვალერიან გორგილაძემ.
სოციოლოგმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ საარჩევნო სისტემას რეფორმირება საჭირდება, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობის 2012 წელთან შედარებაც კი არ შეიძლება, პოზიტიური ძვრები იმდენად შესამჩნევია.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან მიმართებაში ხელისუფლების პოლიტიკას სრულად იზიარებს.
"ეს არის ფრთხილი, პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც ტაქტიკურად გამართლებულია. ესაა მინიმალური კონფრონტაცია, მინიმალური კომპრომისი და მაქსიმალური, სხვადასხვა ფორმატების გამოყენებით შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებები. თუ სხვადასხვა ქვეყნებში რუსეთის აქტივობებს გავითვალისწინებთ, ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს", -განაცხადა გორგილაძემ.