თბილისის ცენტრში დღეს, "სენტა ჯგუფის" მიერ აშენებული ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო "Art Boutique Hotel" - ი გაიხსნება.
"სენტა ჯგუფის" ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით მიმინოშვილი აცხადებს, რომ სასტუმროების ბიზნესი არ არის მათი კომპანიის ძირითადი მიმართულება, თუმცა ამ სფეროშიც გეგმავენ მოღვაწეობას.
"ჩვენი ძირითადი ბიზნესი არის ნავთობპროდუქტებით საბითუმო და საცალო ვაჭრობა. როდესაც იძულებით ჩამოგვაშორეს ამ ბიზნესს, დავინტერესდით სასტუმრო - ტურისტული მიმართულებით. ეს შენობა დიდი ხნის განმავლობაში გვეკუთვნოდა, თუმცა მხოლოდ ერთი წლის წინ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა სასტუმრო.
სპეციალისტების ჩართულობით შევიმუშავეთ შესაბამისი პროექტი, რომელიც მერიის მხარდაჭერით დაფინანსდა - "იაფი კრედიტი" - ს პროგრამის ფარგლებში.
დავით მიმინოშვილმა აღნიშნა, რომ კომპანია აღნიშნული პროგრამის ძალიან კმაყოფილია და მადლობას უხდის თბილისის მერიას დახმარებისთვის.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით ეს სასტუმრო პირველი ნამუშევარია და მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად გეგმავენ.
"მოგვწონს ბიზნესის ეს მიმართულება. ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ამ პროექტით არ შემოვიფარგლებით აღნიშნულ სექტორში, მითუმეტეს რომ უკვე ვამზადებთ შემდეგ პროექტსაც. სასტუმრო მართვაში გადავეცით გამოცდილ მენეჯმენტს მათ, ვისაც დიდი ცოდნა აქვს სასტუმროების მართვის კუთხით. სასტუმროს ფუნქციონირება დაწყებულია ორიოდე კვირის წინ, დღეს კი ვმასპინძლობთ ოფიციალური გახსნის ცერემონიას“,- აღნიშნა მიმინოშვილმა.