ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, ე.წ.სავჩენკოს სასანქციო სია მიიღონ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, ე.წ.სავჩენკოს სასანქციო სია მიიღონ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, ე.წ.სავჩენკოს სასანქციო სია მიიღონ. 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლებას ყალბი ბრალდებებით და საერთაშორისო სამართლის დარღვევით, 11 უკრაინელი ჰყავს დაპატიმრებული.
გარდა ამისა, ყირიმში რუსეთმა უკრაინის სულ მცირე 10 მოქალაქე დააკავა და პოლიტიკური მოტივებით წაუყენა ბრალდება.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ყველაზე აღმაშფოთებელი ნადეჟდა სავჩენკოს საქმეა.

„ასამბლეა გმობს უკანონო დაპატიმრებებს, დაკავებებსა და ასევე სავჩენკოს საქმის სასამართლო განხილვას რუსეთში და მოუწოდებს მის დაუყონებლივ გათავისუფლებისკენ“, - ნათქვამია რეზოლუციაში. 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, შემოიღონ სანქციები იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებსაც სავჩენკოს საქმესთან აქვთ კავშირი. სანქციებს შორის დასახელებულია ქვეყნის ტერიტორიაზე ჩასვლის აკრძალვა და ფინანსური აქტივების გაყინვა.
ასამბლეა მიიჩნევს, რომ აღნიშნული სანქციები უნდა იმოქმედოს სავჩენკოს გათავისუფლებამდე.

საპარლამენტო ასამბლეა ასევე მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას გაათავისუფლოს ყველა უკრაინელი პატიმარი და გავლენა მოახდინოს დონბასში მოქმედ პრორუს სეპარატისტებზე, რათა მათ უკაინელი ტყვეები გაათავისუფლონ.
ამასთანავე, საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს, რომ უკრაინელი სპეცსამსახურებისა და სამხედროების მიერ დაკავებული ტყვეების უფლებების დარღვევის ფაქტები ფიქსირდება.

საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს უკრაინას, უმოკლეს ვადაში მოახდინოს ”რომის სტატუტის” რატიფიცირება, რათა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინაში, კონფლიქტის პერიოდში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის კონკრეტული შემთხვევები გამოიძიოს.

საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და „ორმაგი სტანდარტების მაგალითი“ უწოდა.