ამინდობის გამო თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში წუხელ 100-მდე გამოძახება დაფიქსირდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” აღნიშნულ სამსახურში განუცხადეს, შეტყობინება ძირითადად ძლიერი ქარის გამო ხეების მოგლეჯას შეეხებოდა.
”წუხანდელი ღამის განმავლობაში დაახლოებით 100-მდე შეტყობინება შემოვიდა. მათი უმეტესობა შეეხებოდა იმას, რომ ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, მათ შორის ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ”სოკარის” ცენტრალურ ოფისთან დაფიქსირდა, სადაც მოგლეჯილი ხე ავტომანქანას დაეცა. იყო ხისგან ავტომანქანის დაზიანების სხვა ფაქტებიც, თუმცა, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ჩვენი ბრიგადები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ”, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მოქალაქეთა ზარები შემცირებულია, თუმცა შეტყობინებები მაინც ფიქსირდება.
რაც შეეხება რეგიონებს, ხეების მოგლეჯის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც, მათ შორის რუსთავშიც.