ქობულეთში დამწვარი სასტუმრო „არმაზის“ მფლობელი ზაზა ართმელაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 50 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ართმელაძის დამ ლია ართმელაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, გუშინ გამართულ სასამართლო პროცესს ოჯახის წევრები არ ესწრებოდნენ. „ჩვენ ვიცოდით, რომ პროცესი გადადებული იყო. სამსახურში ვიყავი, დამირეკეს და მითხრეს, რომ სასამართლო სხდომა გაიმართა და ჩემი ძმა დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასამართლოს მხოლოდ პროკურორი, ადვოკატი და ზაზა ესწრებოდნენ. ჩემმა ძმამ მოსამართლეს უთხრა, რომ ის არც გაქცევას აპირებს და არც მოწმეებზე ზემოქმედებას. მოსამართლემ გირაო შეუფარდა და 50 ათასი ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს“, - აღნიშნა ლია ართმელაძემ.
ზაზა ართმელაძე წინასწარ პატიმრობაში 5 თვე და 3 დღე იმყოფებოდა. 2015 წლის 10 მაისს, ქობულეთის სასტუმროში გაჩენილ ხანძარს სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.